მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს ბრალდება ოფიციალურად წარედგინა - როგორც მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი განმარტავს, მსახიობი თავს დამნაშავედ არ თვლის და მიიჩნევს, რომ მისი მხრიდან უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
საგამოძიებო ორგანომ ვერ გაბედა ასეთი თავხედობა, რომ უშუალოდ ორგანიზება დაებრალებინა ანდროსთვის. მას მონაწილეობას ედავებიან. ბრალი არის დაუსაბუთებელი. მტკიცებულება ჩამონათვალში არ ჩანს. რაც არის ჩამონათვალი, არის ზოგადი. ბრალდებული აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონდა. ანდრო უდიდეს მადლობას უხდის საზოგადოებას მხარდაჭერისთვის", - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.
ასევე ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს იუმორისტ ონისე ცხადაძეს. დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორი მისმა ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ რამდენიმე წუთის წინ დატოვა და "პირველებთან" თქვა, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს. უფლებადამცველის განმარტებით, ონისე ცხადაძეს ფიზიკური ძალადობის კვალი არ აღენიშნება და თავს მხნედ გრძნობს.
რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა ბრალის შესახებ დადგენილების გაცნობა ჩვენ მიმართ. ჩვენ ველოდით, რომ 225-ე მუხლი გვექნებოდა, ონისეს ბრალად წარუდგინეს 225-ე მუხლის მეორე ნაწილი, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. რაც შეეხება ფორმულირებას, ფაქტობრივად, ბრალის შესახებ ფორმულირება არის ერთი და იგივე ყველასთან მიმართებით, ვისაც ბრალი დღეს წარუდგინეს. აქ მოთხრობილია დანაშაულებრივი ხასიათი სხვადასხვა პირთა მიერ, მაგრამ არაფერია ნათქვამი, კონკრეტულად რაში გამოიხატა ონისე ცხადაძის სავარაუდო დანაშაული", - ამბობს ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე.
ბრალდება ოფიციალურად წარედგინა 20 წლის დემონსტრანტს, ლუკა ჯაბუასაც. ახალგაზრდის ადვოკატის, რუსუდან აგურაშვილის ცნობით, ლუკა ჯაბუა ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. რა თქმა უნდა, ლუკა ჯაბუა არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას. იყენებს დუმილის უფლებას. 29 ნოემბერს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არის ბრალში საუბარი", - ამბობს ადვოკატი.