მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მსგავსი კონკურსები პირდაპირ უწყობს ხელს წარდგენილი ანგარიშგებების ხარისხის გაუმჯობესებას" - 10 დღეში BARTA 2023 გაიმართება

BARTA

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) წლევანდელი კონკურსის შედეგები 10 დღეში გახდება ცნობილი. როგორი იყო წლევანდელი აქტივობა კომპანიების მხრიდან და რამდენადაა კომპანიების ხარისხი გაუმჯობესებული ანგარიშგებების და გამჭვირვალობის მხრივ, ამის შესახებ "მსოფლიო ბანკის" უფროსმა კონსულტანტმა მართვის სფეროში ირინა გორდელაძემ და ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლელა ხუჭუამ გადაცემა "საქმიან დილაში" სტუმრობისას ისაუბრეს.

"მიმდინარეობს შეფასების პროცესი, ძალიან მოხარული ვარ კომპანიების მხრიდან წლევანდელი აქტიურობით. შარშან ჟიურიმ 17 კომპანია შეაფასა, ხოლო წელს 29 კომპანია გვქონდა შესაფასებელი. თუ აქამდე მხოლოდ საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს ჰქონდათ მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, ახლა უკვე პირველი კატეგორიის მსხვილი კომპანიები და ჯგუფებიც შემოვიდნენ ამ არეალში და სწორედ ამით აიხსნება კომპანიების რიცხვის ზრდა. ამასთან, მიმდინარე წელს ბირჟაზე დალისტული კომპანიების რაოდენობაც გაზრდილია, გადაიარა პანდემიის კრიზისმა და გაძლიერდნენ კომპანიები. სულ 35 კომპანია იყო კონკურსზე წარდგენილი, თუმცა აქედან ექვსმა აუდიტის დასკვნიდან გამომდინარე ვერ გაიარა პირველადი სკრინინგი და შევაფასეთ 29 კომპანია", - აღნიშნა ირინა გორდელაძემ.

"ზოგადად, მნიშვნელოვანია მსგავსი კონკურსები, რაც პირდაპირ უწყობს ხელს წარდგენილი ანგარიშგებების ხარისხის გაუმჯობესებას, ეს შეიძლება შევაფასოთ, როგორც დამატებითი მოტივაცია საწარმოებისთვის, რომ უკეთესი და ხარისხიანი ანგარიშგებები წარადგინონ, საბოლოო ჯამში ეს უწყობს ხელს ფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდას, რაც, თავის მხრივ, აუმჯობესებს ქვეყანაში კაპიტალის ბაზარს და ეს საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება", - დასძინა ლელა ხუჭუამ.

რამდენად გაიზარდნენ კომპანიები და რამდენადაა ხარისხი გაუმჯობესებული, ამ კითხვაზე "მსოფლიო ბანკის" უფროსი კონსულტანტი პასუხობს:

"კომპანიები იზრდებიან წლიდან წლამდე, აქედან საუკეთესო ხარისხი ბანკებს აქვთ, მათი რესურსები და შესაძლებლობები ბევრად აღემატება დანარჩენებს. ამასთან, სეგმენტში რამდენიმე ინსტიტუტია, რომელიც უფრო და უფრო ვითარდება და საგრძნობლად გააუმჯობესა ხარისხი, რამდენიმეა სტაბილურად კარგი. რაც შეეხება მცირე ზომის კომპანიებს, არიან რამდენიმე, რომლებიც წლიდან წლამდე უმჯობესდებიან, რამდენიმეა ისეთი, რომელიც სტაბილურად იგივე ხარისხს ინარჩუნებს და არ უმჯობესდება", - განმარტა მან.

"ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2016 წლიდან საწარმოებმა საკმაოდ გააუმჯობესეს ხარისხი როგორც ფინანსური, ასევე მმართველობისა და კორპორაციული ანგარიშგების, თუმცა, გამოწვევები ხარისხის კუთხით ჯერ კიდევ გვაქვს და საწარმოებს სჭირდებათ დრო, რომ ფეხი აუწყონ სტანდარტს და საერთაშორისო გამოწვევებს. ვინაიდან გამოწვევები ხარისხი კუთხით ჯერ კიდევ ჩანს, 2020 წლიდან აქტიურად დავიწყეთ წარდგენილი ანგარიშგებების სტანდარტებთან შესაბამისობის შესწავლა და ამ პროცესის განმავლობაში ინდივიდუალურად ეგზავნება თითოეულ საწარმოს ჩვენი ხედვა და რეკომენდაციები, თუ როგორ გააუმჯობესონ ანგარიშგებები. ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება და ანგარიშგების დროულად წარდგენა, ამ მხრივ საკმაოდ მაღალი წარდგენის საშუალო წლიური მაჩვენებელი გვაქვს , რომელიც მაღალ კატეგორიაში 95%-მდეა, დროულად მოპოვებული ხარისხიანი ინფორმაცია სწორი ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება", - დასძინა ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა.

ინფორმაციისთვის: BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა კორპორაციული ფინანსური ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა. კონკურსის მიზანია ქართული კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება. ევროპული და გლობალური მოვლენების გათვალისწინებით, კერძოდ კი, მდგრადი ანგარიშგების დანერგვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების პირობებში, ამ ჯილდოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები