მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშენებლობის ამნისტია რეგიონებში არსებულ 1 მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეხება - მინისტრი

რატი ბრეგაძე

საქართველოს მთავრობამ გასული წლის დეკემბერში რეგიონებში, მოქალაქეთა საკუთრებაში არსებულ მიწებზე, შესაბამისი სამშენებლო ნებართვების გარეშე აშენებული ობიექტების შესახებ ამნისტია დააანონსა. დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა რომ შესაბამისი საკანონმდებლო ნორმა უკვე მიღებულია, რისი შემდეგი ნაბიჯიც იქნება იმ არეალების განსაზღვრა, სადაც შესაბამისი ამნისტია ამოქმედდება. როგორც თავიდანვე იყო გაცხადებული ეს ცვლილება თბილისში აშენებულ ობიექტებზე არ გავრცელდება.

საქმე ისაა, რომ რეგიონებში არსებული ობიექტების დაკანონებისთვის აუცილებელი იყო შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა, ამ დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში კი სახელმწიფო უფლებამოსილი იყო, რომ შენობის დემონტაჟი განეხორციელებინა. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობამ აღნიშნული პრობლემის გადაჭრისთვის რეგიონებში ერთჯერადი სამშენებლო ნებართვების ამნისტია გამოაცხადა, რომელიც 2024 წლის 1 იანვრამდე აშენებულ ობიექტებს შეეხება.

„მოგეხსენებათ, რომ კანონი უკვე მიღებულია და შესაბამისად, ძალაში შესულიც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიების დადგენის სამუშაოები საქართველოს მთავრობის მიერ, რომლითაც განისაზღვრება კონკრეტულად რომელ ტერიტორიებზე იქნება შესაძლებელი ამნისტიის ჩატარება. შევახსენებ საზოგადოებას, რომ ამნისტია ეხება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც არის აშენებული რეგიონებში და რომლებსაც აკლია სამშენებლო დოკუმენტაცია, მათ აღარ დაემუქრებათ დემონტაჟის საფრთხე.

2024 წლის პირველი აპრილისთვის უკვე სრულად იქნება განსაზღვრული ტერიტორიები და შესაბამისად, მოქალაქეებს ავტომატურად ჩაეთვლებათ ეს სახლები საკუთრებაში და შესაბამისად, მათ არ ექნებათ არავითარი პრობლემა. იმ ტერიტორიებზე კი, რომლებიც განისაზღვრება მთავრობის მიერ, სადაც მსგავსი ტიპის ამნისტია არ ჩატარდება, ბუნებრივია იქ მოქალაქეებს ეს არ შეეხებათ, თუმცა შესაძლებელი იქნება ინდივიდუალური გამონაკლისების დადგენა იმისთვის, რომ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში მაინც შესაძლებელი იყოს ამნისტიის უფლებით სარგებლობა, იმ შემთხვევაში, როდესაც პირი სრულად აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს. თბილისს არ ეხება ეს, იმიტომ, რომ თბილისში ადრე უკვე ჩატარებული იყო მსგავსი ტიპის ამნისტია და შესაბამისად, გავრცელდება ძირითადად რეგიონებზე და ეს სასიკეთო ცვლილება შეეხება ჩვენს, დაახლოებით, მილიონზე მეტ მოქალაქეს“,- მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები