მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მშენებლობის ნებართვები & ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა შემცირდა -რას აჩვენებს ბაზარი?

იანვარ-მარტში გაცემული მშენებლობის ნებართვების რაოდენობა შემცირდა - საქსტატის მონაცემებით რაოდენობრივი შემცირების მიუხედავად გაიზარდა ის საერთო ფართობი, რომელზეც ნებართვა გაიცა. იგულისხმება როგორც ახალი მშენებლობის, ასევე, რეკონსტრუქციაზე გაცემული ნებართვები.

კერძოდ, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 358 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4%-ით ნაკლებია. ჯამში, საუბარია 2 591 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაცემულ ნებართვებზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.9%-ით მეტია.

ნებართვების 75.5% მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.4% მოდის თბილისზე, 12.9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 7.2% - კახეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

მაგალითად სასტუმროს მშენებლობის 32 ნებართვაა გაცემული, მათგან ყველაზე მეტი - 9 აჭარაში, 8 - სამცხე-ჯავახეთში, 7 - თბილისში, 3-3 - იმერეთსა და კახეთში, ხოლო 1-1 - ქვემო ქართლში და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

ნებართვებთან ერთად პირველ კვარტალში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა შემცირდა. კერძოდ ექსპლუატაციაში მიიღეს 659.6 ათასი კვ.მ ფართობის 698 ობიექტი, რაც რაოდენობაში 17%-იან კლებას ნიშნავს.

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი ისევ და ისევ ქვეყნის ოთხ რეგიონზე ნაწილდება, ტრადიციულად 32.5% მოდის ქ. თბილისზე, 14.0% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.3% - კახეთის რეგიონზე და 9.3% - შიდა ქართლის რეგიონზე. მიმდინარე წლის I კვარტალში ექსპლუატაციაში მიიღეს 11 სასტუმრო ობიექტი. მათ შორის 3-3 იმერეთსა და კახეთში, 2-2 აჭარასა და თბილისში, ხოლო 1 - მცხეთა-მთიანეთში. სხვა ტიპის ობიექტებს შორის არის 403 საცხოვრებელი შენობა, 82 - სავაჭრო ობიექტი, 4 - კაფე-რესტორანი და სხვა.

რას აჩვენებს უძრავი ქონების ბაზარი რიცხვებში და რეალობაში?

სტუმრები: ზუკა თავყელიშვილი - Galt & Taggart-ის ასოცირებული მკვლევარი;

თამარ კანთელაძე - „სეილკომის“ დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები