წინასწარი შეფასებით, 2019 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.8 პროცენტით განისაზღვრა.
რომელ დარგებში არის კლება და მატება ამის შესახებ საქსტატის ხელმძღვანელი გოგიტა თოდრაძე საუბრობს.
მისი თქმით, კლების ტენდენცია კვლავ ნარჩუნდება მშენებლობისა და სამთო მოპოვების მრეწველობის დარგებში. თუმცა, მდგომარეობა წინა პერიოდთან შედარებით გაუმჯობესებულია.
“მშენებლობის სექტორში კვლავ შემცირების ტენდენციაა, თუმცა, აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენს შენობების, მაგისტრალური მილსადენებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შემცირება. რაც შეეხება გზების მშენებლობას, ამ მიმართულებით დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა”,- აცხადებს გოგიტა თოდრაძე.
რაც შეეხება ზრდის და კლების მიზეზებს სხვა სექტორების მიხედვით, გოგიტა თოდრაძის თქმით, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში ზრდა უკავშირდება სხვადასხვა სახის მომსახურებით დაკავებული კომპანიების ბრუნვის ზრდას, როგორიცაა: ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი, საინჟინრო საქმიანობა, სარეკლამო საქმიანობა, კომპიუტერებთან დაკავშირებული საქმიანობა, ასევე, არქიტექტურის სექტორში.
“ტრანსპორტის დარგში ზრდის მიზეზად გვევლინება ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებასთან და სატრანსპორტო დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები. აღნიშნულ სექტორთან არის კავშირში ტურისტული სააგენტოებისა და სამოგზაურო ბიუროების საქმიანობა, რაც ზრდის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება იქნეს მიჩნეული.
საფინანსო სექტორში ზრდის მიზეზია კომერციული ბანკების შემოსავლების მატება, ეს შეიძლება ითქვას, როგორც საპროცენტო ასევე არასაპროცენტო შემოსავლებზე.
ვაჭრობის დარგში ზრდა ძირითადად განაპირობა ბუნებრივი აირით საბითუმო ვაჭრობამ, ამ მხრივ, 42%-ით გაიზარდა ბუნებრივი აირის იმპორტის მაჩვენებელი. გაიზარდა საბითუმო ვაჭრობა ასევე ბენზინითა და დიზელით, შესაბამისად 30% და 43%-ით. თითქმის გაორმაგებულია მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტის მაჩვენებელი და 50 მილიონ დოლარს აღწევს. ტურისტების რაოდენობა გაზრდილია 4,3%-ით”,- აცხადებს გოგიტა თოდრაძე.

























