დღეს კავკასიის რეგიონის ეკონომიკას და ფინანსურ მდგომარეობას მიმოვიხილავთ.
თურქეთი
ეკონომიკურად ყველაზე უცნაურ მდგომარეობაში თურქეთია, რომელიც ერთდროულად ინფლაციას, უმუშევრობას და ეროვნული ვალუტის რეკორდულ გაუფასურებას ებრძვის.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში წლიური ინფლაციის დონე 42%-ია. ეს კი იმ ყველაფრის მიუხედავად, რომ ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 45%-მდე გაზარდა.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინფლაციის ფონზე, ერთწლიან პერიოდში ეროვნული ვალუტა 18%-ითაა გაუფასურებული და ერთი დოლარის გაცვლითი კურსი ამჟამად 36 ლირას აღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, გამოწვევების მიუხედავად, წელს თურქეთის ეკონომიკა 2.6%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.1%-ით შემცირებული მაჩვენებელი იქნება.
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანში ვითარება უფრო სტაბილურადაა. წლიური საშუალო ინფლაცია 5%-ის ფარგლებში მერყეობს. ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი კი 7.25%-ია.
სომხეთი
რაც შეეხება სომხეთს, მას ეკონომიკური ზრდის მიმართულებით რეგიონში საუკეთესო შედეგი აქვს. IMF-ის პროგნოზით, წელს სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დამატებით 4.9%-ით გაიზრდება.
რეფინანსირების განაკვეთი სომხეთში 6.75%-ს შეადგენს, წლიური ინფლაციის დონე კი ამჟამად 1.5%-ის ფარგლებშია.
რუსეთი
რუსეთთან მიმართებით საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, რომ წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 1.4% იქნება.
ოფიციალური მონაცემებით, ინფლაცია 9.9%-ის ფარგლებშია; ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი კი 21%-ს შეადგენს.
ყველაზე ცუდი მაჩვენებელი რუსეთს ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით აქვს, რომელიც ორ წელიწადში 21%-ითაა გაუფასურებული და ამჟამად ერთი დოლარის გაცვლითი კურსი 91 რუბლს აღწევს.
საქართველო
ბოლოს, საქართველოს რაც შეეხება. IMF-ის პროგნოზით, მიმდინარე 2025 წელს ქვეყნის ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, თუმცა მთავრობის ოფიციალური პროგნოზით, ზრდა 5%-ის ფარგლებში იქნება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი ისევ 8%-ია, ხოლო ინფლაცია 2%-იან ნიშნულზე იმყოფება, რაც სამიზნე მაჩვენებელს მცირედით ჩამორჩება.
ერთწლიან პერიოდში, ეროვნული ვალუტა დაახლოებით 7%-ითაა გაუფასურებული და ამჟამად დოლარის გაცვლითი კურსი 2.83 ლარს შეადგენს.