მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშპ-ის 4%-იანი ვარდნა ძალიან ოპტიმისტურია – ეკონომისტი მთავრობის პროგნოზზე

5edfcca2496cf
თამთა ჯიჯავაძე
09.06.20 22:30
1084
ეკონომიკის 4%-იანი ვარდნა ძალიან ოპტიმისტურია, – ასე შეაფასა bm.ge-სთან ინტერვიუში ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა საქართველოს განახლებული ბიუჯეტი, რომელიც მთავრობამ წარადგინა.

ბერიკაშვილმა ისაუბრა საერთაშორისო დონორებისგან მოზიდულ თანხებზე და აღნიშნა, რომ საჭიროა საზოგადოებას ჰქონდეს პასუხები კითხვებზე თუ რა ვადებით და რა პირობებით მოგვიწევს აღნიშნული სესხების გადახდა.

„თავადაც თქვეს რომ უფრო მეტ სესხს იღებენ, ვიდრე სჭირდებათ და ეს ცოტა პრობლემურია. მეორე მხრივ, ჩვენს რეგულაციებს არ სცდება სესხის მოცულობა, 60%-ს არ გადააჭარბებს და ეს კარგია, მაგრამ სესხია მაინც და შემდეგი წლების ბიუჯეტებში ცუდად აისახება.

ეს სესხები რა პირობებით გვაქვს აღებული და როდის უნდა გადავიხადოთ, მაგის ხაზგასმას ვისურვებდი, იმიტომ რომ ჩვენი გადასახდელია. ანუ რა პროცენტში, რა ვადებით, როდის უნდა გადავიხადოთ, იმიტომ რომ მომავალ წელსაც არ არის მოსალოდნელი თუნდაც ტურისტული სეზონის სრულად აღდგენა და ამ დაზიანებების აღმოფხვრა, რაც ამ კრიზისმა მოგვაყენა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. და ჯერჯერობით ვერ ვიპოვე ამაზე პასუხები“, – აღნიშნა ეკონომისტმა.

მან ასევე მოსალოდნელი ეკონომიკური ვარდნის შესახებაც ისაუბრა, და აღნიშნა რომ 4%-იანი ვარდნა ზედმეტად ოპტიმისტურია.

„4%-იანი ეკონომიკური ვარდა, სადაც უწერიათ, ნახსენები აქვთ, რომ შეიძლება მეტიც იყოსო, მაგრამ ძალიან ოპტიმისტური მგონია ამ გადასახადებიდან. სავარაუდოდ ცოტა ძველი მონაცემები აქვთ და ვეღარ განაახლეს ბოლომდე კარგად. პრეზენტაციაზე თავად თქვეს რომ როგორც ჩვენ ვფიქრობდით ისე ალბათ ვერ გავხსნით საზღვრებსო. ტურიზმი სავარაუდოდ ვერ აღდგება, როგორც რამდენიმე კვირის წინ ეგონათ და მაგ ფონზე უფრო პრობლემური არის ის 4%-იანი ვარდნა, რაც ჰგონიათ რომ იქნება. თან გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც როგორც ჩანს სიტუაცია უარესდება და ეს ჩვენზე აისახება აუცილებლად, სამწუხაროდ ტურიზმის კუთხითაც და ბევრი სხვა მიმართულებით“, – აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ 2020 წლის განახლებული ბიუჯეტის პროექტი დღეს წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფოს ხარჯები ჯამურად 1.5 მილიარდი ლარით იზრდება და ის რეკორდულ - 15.9 მილიარდ ლარს მიაღწევს. ნაერთი ბიუჯეტის სახელფასო ფონდი კი 57 მილიონი ლარით შემცირდება და ის 1.84 მილიარდი ლარით განისაზღვრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები