მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მშრალი ხილის საწარმო "კერკი" 2026 წლიდან ასორტიმენტის და გაყიდვების არხების გაფართოებას გეგმავს

კერკი

ქართული მშრალი ხილის საწარმო „კერკი“ 2026 წლის თებერვლიდან „მშრალი ხილის“ კონცეფციით საქმიანობის ახალ ეტაპზე გადადის და როგორც ასორტიმენტის, ისე გაყიდვების არხების გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის წარმომადგენელმა ხატია ბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „კერკი“ სავაჭრო მოლებში გაყიდვების ინფრასტრუქტურას შექმნის, რაც ბრენდს საშუალებას მისცემს გააძლიეროს საკუთარი პოზიციები საცალო ბაზარზე და პარალელურად, ადგილობრივი მცირე საწარმოებისა და საოჯახო მეურნეობებისთვის გახდეს გაყიდვების მხარდამჭერი პლატფორმა.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, 2026 წლიდან „კერკის“ ბრენდის ქვეშ წარმოებული მშრალი ხილის პროდუქცია ეტაპობრივად გამოჩნდება ასობით სავაჭრო ობიექტში.

"მოგეხსენებათ, მცირე საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს ძალიან უჭირთ სავაჭრო ქსელებში შესვლა, საკომისიოების გადახდა, ბრენდიგი, მარკეტინგი, პროდუქტების წარმოებისთვის საჭირო საბრუნავი რესურსის მოძიება. ჩვენი კომპანია გეგმავს, რომ ერთი მხრივ გააძლიეროს და გააფართოოს თავისი გაყიდვების არხები და მეორე მხრივ, მცირე საწარმოების და საოჯახო მეურნეობებისთვის სტაბილური პარტნიორი გახდება", - თქვა მან და დასძინა, რომ აღნიშნულ პროექტში დაგეგმილი ინვესტიცია დაახლოებით 300 000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ასორტიმენტის ზრდას, ხატია ბერიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება სასაჩუქრე შეფუთვების დამატებას უკავშირდება. კომპანიის მიზანია ისეთი პროდუქციის შეთავაზება, რომელიც მორგებული იქნება როგორც ინდივიდუალურ მომხმარებლებზე, ისე კორპორატიულ სეგმენტზე, მათ შორის მსხვილ კომპანიებზე.

"კერკი" ქართული ბრენდია, რომელიც 2021 წლიდან მშრალ ხილს აწარმოებს. კომპანიის საწარმო მაღალმთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში მდებარეობს. საწარმოში დანერგილია სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის ISO22000 და ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის მარეგულირებელი ფედერალური სააგენტოს (FDA) სტანდარტები.

ცნობისთვის, კერკი ძველქართული სიტყვაა, რომელიც საქართველოს რამდენიმე რეგიონში ახლაც გამოიყენება და მზეზე გამომშრალ კურკოვან ხილს ნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები