გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ღაზის სექტორში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საკვების, საწვავისა და წყლის მიწოდების აუცილებლობის შესახებ განაცხადა.
„სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი მარაგი, მათ შორის, საწვავი, საკვები და წყალი უნდა შევიდეს ღაზაში. ჩვენ გვჭირდება სწრაფი და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა ახლავე.
მინდა მადლობა გადავუხადო ეგვიპტეს მისი კონსტრუქციული ჩართულობისთვის, რათა ხელი შეუწყოს ჰუმანიტარულ ხელმისაწვდომობას“, – აღნიშნა გუტერეშმა.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ კი განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აქტიურ კომუნიკაციაშია ისრაელის მთავრობასთან, რათა ღაზიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა მოხდეს.
„ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ამას ჩვენს ისრაელელ და ეგვიპტელ კოლეგებთან. მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის დამნაშავე იმაში, რაც „ჰამასმა“ ჩაიდინა, მათ არაფერი დაუშავებიათ. უსაფრთხო დერეფნის არსებობის მხარდაჭერას ვაგრძელებთ. ვერ გეტყვით კონკრეტული მარშრუტის ან დერეფნის შესახებ. უბრალოდ, მინდა, განვმარტო, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამაზე“, – განაცხადა კირბიმ.
„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ 9 სექტემბერს განაცხადა. ამ დროის მონაცემებით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 1 100-მდე გაიზარდა.