მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მსხვილი ბიზნესისგან კრიტიკული აზრი თუ მოგისმენიათ... ამას მორალური მნიშვნელობა ექნებოდა“ – „ნერგეტა“ "რუსულ კანონზე"

ნერგეტა

კომპანია „ნერგეტას“ თანადამფუძნებელი და დირექტორი კოტე ვეკუა აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედი მსხვილი ბიზნესის, ბანკების, სამშენებლო დარგის წარმომადგენლები ქვეყნისთვის გადამწყვეტ კრიზისულ პერიოდებში თავის კრიტიკულ პოზიციას არასდროს აფიქსირებენ. ამის შესახებ მან გადაცემა #რედაქტ2-ში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში ხელახლა მობრუნებული კანონის შეფასებისას განაცხადა.

თავად კომპანია „ნერგეტას“ ფეისბუკგვერდზე პოსტი გამოქვეყნდა:

არა რუსულ კანონს!

ჩვენი კომპანია არ მუშაობს მხოლოდ იმისთვის, რომ მფლობელებმა ნახონ მოგება და თანამშრომლებმა მიიღონ ხელფასი. ჩვენი მოტივაცია ასევე არის თავისუფალი და განვითარებული საქართველო. ეს კი მხოლოდ ევროპასთან ყოფნით არის შესაძლებელი”.

კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ ეს მისი როგორც მოქალაქის პოზიციაა და რაც უფრო მეტ კომპანიაში, მეტი მოქალაქე დააფიქსირებს თავის პოზიციას ამ კანონთან მიმართებით, მით უფრო ერთიანი და შეუვალი იქნება საზოგადოება, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის პროცესში.

კოტე ვეკუა ამბობს, რომ „რუსულ კანონთან“ მიმართებით ნეგატიური პოზიცია მხოლოდ მცირე მეწარმეებს აქვთ, ხოლო საშუალო და მსხვილ ბიზნესებს თავისი აზრი არ დაუფიქსირებიათ. მეწარმე მიიჩნევს, რომ მათ პროტესტს დიდი მორალური მნიშვნელობა ექნებოდა.

„ახლა მნიშვნელოვანია რომ ჩვენ, როგორც მოქალაქეებმა გამოვხატოთ აზრი და წინააღმდეგობა გავუწიოთ. ეს პოსტი იმიტომ გამოვაქვეყნეთ, რომ გვეჩვენებინა, რომ ბევრნი ვართ, რომ რაც უფრო ერთიანობას გამოვიჩენთ, ჩვენი აზრი უფრო ანგარიშგასაწევი იქნება.

ასეთი კანონებს და ინიციატივებს არავინ წამოაყენებს, მათ ავტორებს რაიმეს იმედი რომ არ ჰქონდეთ. საზოგადოების სხვადასხვა ფენებში არიან ადამიანები, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილი და მათ სჯერათ... ჩემს კლასელებს შორის, თანამშრომლებს, ნათესავებს შორის ბევრი ამ კანონის მომხრეა რაღაც მიზეზების გამო - ქართველობის, ეროვნული ინტერესების დაცვის გამო... ეს არ არის მხოლოდ ამ კანონზე, ეს კანონი კულმინაციაა... მანამდეც იყო კამათი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მის ავკარგიანობაზე. სწორედ ასეთი ადამიანების იმედი აქვთ ამ კანონის ინიციატორებს.

მეორე მხარე ბიზნესია. ქართული საშუალო და მსხვილი ბიზნესი, რომელთა უმრავლესობის ისტორია 90-იან წლებში არც თუ მთლად წესიერი პრივატიზაციებით იწყება, აქვთ რაღაც გარიგება მთავრობასთან დადებული, რომელიც არც თუ ისე სამართლიანია და შემდგომშიც უკვე, სავარაუდოდ მთავრობასთან ხშირ გარიგებებში უწევთ შესვლა... როდისმე თუ გაგიგიათ, მოქმედი მსხვილი ბიზნესმენისგან კრიტიკული აზრის გამოხატვა, თუნდაც შეკითხვა მაინც... მე არ ვსაუბრობ მცირე ბიზნესზე... საქართველოს ბიზნეს ასოციაცია რომ არის, იმათი წევრების, ბანკების მხრიდან, ეს ქვეყანა მათი არ არის. ან სამშენებლო სექტორის კომპანიებისგან თუ გაგიგიათ ერთხელ მაინც ერთი წინადადება ეთქვათ, ამას ძალიან დიდი მორალური მნიშვნელობა ექნებოდა“, - აცხადებს კოტე ვეკუა და დასძენს: „პირველი ნაწილი, ვინც კაცობის და ქართველობის გამოა ევროპის წინააღმდეგი, იმათ მართლა სჯერათ მასე, მაგრამ ამ კატეგორიამ - მსხვილმა ბიზნესმა იცის რა არის შავი და თეთრი, რა არის ევროპა და რა არის რუსეთი, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო სპეციალურად თავს იკავებენ... არ ვიცი რომელია ამ შემთხვევაში უარესი“.

„ნერგეტას“ დამფუძნებელი იმასაც აღნიშნავს, რომ თავისი პოზიციით არავის, არაფერს მოუწოდებს და მსხვილ ბიზნესს მოწოდებაც არ უნდა სჭირდებოდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები