მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსხვილი კომპანიების მოსაზიდად, საქართველო ჰაბად უნდა პოზიციონირდეს - ნათია ჯანელიძე

ნათია ჯანელიძე წერტილში

საინვესტიციო ფონდ Gazelle Finance Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის ნათია ჯანელიძის განცხადებით, ინვესტორებმა საქართველო უნდა დაინახონ როგორც ჰაბი მათი ბიზნესისთვის, ვინაიდან ბაზარი პატარაა.

„ამიტომ მსხვილი კომპანიების მოსაზიდად, საქართველო ჰაბად უნდა პოზიციონირდეს, საიდანაც საწარმოო ნედლეულის თუ სერვისის ექსპორტს განახორციელებენ“, - ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.

Gazelle Finance Georgia-ს აღმასრულებელ დირექტორს მიაჩნია, რომ ქვეყანაში მეტი უცხოური ინვესტიციის მოსაზიდად, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისთვის, საჭიროა, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის გააქტიურება.

„არსებობს დაწერილი კანონები, რასაც ეფუძნება ინვესტორის ინტერესი და ნდობა.

პირველი - მთავარია გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო სისტემა, რომელიც დაიცავს საკუთრების უფლებას და აღასრულებს კონტრაქტებს;

მეორე - ბიუროკრატიის შემცირება; ამ მხრივ, ვერ ვიტყვი, რომ ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ გაუმჯობესების შესაძლებლობა რომ გვაქვს, ამაში დარწმუნებული ვარ;

მესამე - ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ტრანსპორტის, ენერგეტიკის სხვა მიმართულებით. ქვეყანას ბევრი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი სჭირდება;

მესამე  - კვალიფიციური სამუშაო ძალა; რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ქვეყანაში არის მაღალი უმუშევრობა და ამავდროულად, მუდმივად არის  კვალიფიციური მუშახელის ძიება.

მეოთხე - საგადასახადო შეღავათები -  ვერ ვიტყვი, რომ საქართველო ამ კუთხით არასახარბიელო სიტუაციაშია; ჩვენ საკმაოდ მომხიბვლელი საგადასახადო სისტემა გვაქვს, მაგრამ თუ ვამბობთ და ვჯერდებით, რომ სასიცოცხლოდ გჭირდება მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, მაშინ ამ ნაწილშიც არის საშუალება, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის დამატებითი შეღავათები გავაკეთოთ“, - განაცხადა ნათია ჯანელიძემ.

საინვესტიციო ფონდ Gazelle Finance Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა „წერტილთან“ ინტერვიუში ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ასევე, მიმდინარე წელსაც შენარჩუნებული მაღალი ზრდის ტემპიც (2023 წლის 6 თვე - 7.6%) შეაფასა და აღნიშნა, რომ „ამ და კიდევ უფრო მაღალი ტემპით ეკონომიკის ზრდა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.

„მიუხედავად შთამბეჭდავი რიცხვებისა, ჩვენი მშპ ერთ სულ მოსახლეზე არ აღემატება 6000 დოლარს და 88-ე ვართ ქვეყნების რეიტინგში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია გაანალიზდეს, რას ეფუძნება ეს ზრდა, რომ არსებული ტემპი შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაიზარდოს. სულ მცირე 3-ჯერ უნდა გავმდიდრდეთ, რომ ყველაზე ღარიბ ევროპულ ქვეყანას დავეწიოთ“, - დასძინა ნათია ჯანელიძემ.

რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში? – „სიზარმაცეს და არაკომპეტენტურობას. ასევე, ყველამ მუდმივად უნდა შევისისხლხორცოთ კანონმორჩილება“, - ასე უპასუხა Gazelle Finance Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა „წერტილის“ წამყვანის ტრადიციულ კითხვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები