მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო ბანკის კვლევაში, რომელსაც "ოცნებამ" პლასტმასის ბოთლების რეგულაცია დააფუძნა, აკრძალვის რეკომენდაცია არაა

ბოთლები

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარებულ კვლევაში, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პლასტმასის ბოთლებით სასმლის გაყიდვის შეზღუდვის არგუმენტად მოჰყავს, მსგავსი აკრძალვის რეკომენდაცია გაცემული არაა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების მიწოდება პლასტმასის ბოთლებით. ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

Bm.ge-მ უწყებას მიმართა კითხვით, რატომ დადგა დღის წესრიგში პლასტმასის ბოთლებით სასმლის რეალიზაციის აკრძალვა? - რაზეც უწყება მიზეზად პლასტმასის გარემოსა და ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას ასახელებს. სამინისტროს მაგალითად მოჰყავს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის ( „ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“) შედეგები მდინარე რიონის აუზში, სადაც გამოვლინდა, რომ ნარჩენების 88% პლასტმასი იყო, მათ შორის პლასტმასის ბოთლების წილი 41%-ს შეადგენდა.

რა წერია კვლევაში?

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, პლასტმასის ბოთლები და მათი თავსახურები, ასევე პლასტიკის პარკები განისაზღვრა ორი პრიორიტეტული პროდუქტად, რომლებიც მნიშვნელოვანი დამაბინძურებლები არიან და ამასთან, ამ მიმართულებით ინტერვენციის დიდი პოტენციალია.

კვლევამ აჩვენა, რომ იდენტიფიცირებულ ნარჩენებში 10 ყველაზე გავრცელებულს შორის უმეტესობას ერთჯერადი საკვებისა და საყოფაცხოვრებო პროდუქტების კონტეინერები შეადგენს - განსაკუთრებით პლასტმასის ბოთლები და თავსახურები, რომლებიც ერთად იდენტიფიცირებული ნარჩენების თითქმის 60%-ია.

რაც შეეხება პრობლემის გადაჭრის გზებს, მსოფლიო ბანკი ხაზს უსვამს ბოთლების დეპოზიტის სისტემის უპირატესობებს. კონკრეტულად პლასტმასის ბოთლებთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ პლასტმასის მართვის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია მარეგულირებელი, ეკონომიკური და საინფორმაციო პოლიტიკის კომბინაცია. ეს პოლიტიკური ზომები ასევე უნდა იყოს შერწყმული ნარჩენების მართვის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან ინვესტიციებთან, მათ შორის შეგროვებასთან, დამუშავებასთან და განადგურებასთან.

"განისაზღვრა პლასტმასის დაბინძურების შემცირებაზე მაღალი პოტენციური გავლენის მქონე პრიორიტეტული პოლიტიკა. ესენია: ნარჩენების საწინააღმდეგო ყოვლისმომცველი პოლიტიკის შექმნა, პოლიეთილენ-ტერეფტალატის (PET) ბოთლების დეპოზიტისა და დაბრუნების სისტემის (DRS) შექმნა, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების (EPR) სისტემა და ერთჯერადი პლასტიკის პარკების (SUP) რეგულირების გაძლიერება",- წერია ანგარიშში.

კვლევის მიხედვით, ნარჩენების საწინააღმდეგო წარმატებული პოლიტიკა ექვს ძირითად სფეროს უნდა მოიცავდეს: პრევენცია, ინფრასტრუქტურა, სივრცითი გარემო, კომუნიკაცია, მონაწილეობა და შესაბამისობის უზრუნველყოფა. პოლიტიკა უნდა მოიცავდეს ზოგად ზომებს და იმ ზომებს, რომლებიც კონკრეტულად პრიორიტეტულ ნივთებს, მათ შორის PET ბოთლებსა და პლასტიკის პარკებს ეხება.

ანგარიშის მიხედვით, PET ბოთლები საქართველოში პლასტმასის ნარჩენების წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და სასწრაფო ყურადღებას საჭიროებს. მასში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო გამოსავალი პლასტმასის ბოთლების მოხმარების შემცირებაა, ისინი მომხმარებლებისთვის მოსახერხებელი და პოპულარული არჩევანია. საქართველოს კი პლასტმასის ბოთლების გამოყენების გაგრძელების პირობებშიც შეუძლია შეამციროს PET ბოთლების გარემოზე ზემოქმედება შეგროვების გაუმჯობესებით (როგორც ეს ჩანს ევროკავშირის წარმატებულ აღდგენისა და დეპონირების სისტემებში) და გადამუშავებით.

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ დეპოზიტის დაბრუნების სისტემები ძალიან ეფექტურია PET ბოთლების შეგროვებისა და გადამუშავების გაზრდის კუთხით. ამ მიდგომის სარგებელს შორის მოყვანილია დაბალი შესაბამისობის უზრუნველყოფის ხარჯები, მაღალი შეგროვების მაჩვენებლები (სასმლის შეფუთვებისთვის 90%-მდე), პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი, შემცირებული დაბინძურება და უფრო სუფთა გარემო. აღნიშნულია, რომ ევროკავშირსა და სხვა რეგიონებში არსებობს მსგავსი მრავალი წარმატებული სისტემა, რომლებმაც დაამტკიცეს ეფექტურობა ბოთლებისა და სხვა ნივთების შეგროვების მაჩვენებლების მკვეთრად გაზრდაში.

"წარმატების ძირითადი ფაქტორებია: პოლიტიკური ნება, დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობა, მკაფიო კანონმდებლობა და ვალდებულებები, მოსახერხებელი შეგროვების პუნქტები და საკმარისად მაღალი დეპოზიტის საკომისიო. საქართველოში DRS-ის შემოღება ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნება, მათ შორის პლასტიკის პარკების დირექტივასთან და შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების შესახებ რეგულაციის პროექტთან",- აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ უნდა გაუმჯობესდეს პლასტიკის პარკების რეგულაცია, რამდენადაც 2018 წლის არსებულმა რეგულაციამ შეზღუდული წარმატება აჩვენა.

"მთავრობამ შეიძლება განიხილოს პლასტიკის პარკების რეგულაციის შესწორება, რათა მოიცავდეს პლასტიკის პარკების ყველა ტიპის, მათ შორის ბიოდეგრადირებადი პარკების სრულ აკრძალვას, რომლებიც ამჟამად გათავისუფლებულია ამ წესიდან",- წერია ანგარიშში.

მსოფლიო ბანკის თანახმად, რეგულაციის მონიტორინგისა და აღსრულების გაუმჯობესება ასევე გაზრდის რეგულაციის ეფექტურობას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ წარმატებული ღონისძიებები მოიცავს საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას და ცნობიერების ამაღლებას.

მსოფლიო ბანკის პროგრამის „შავი ზღვის გალურჯება“ (BBSEA) ფარგლებში ჩატარებული კვლევით შესწავლილი იყო რიონის აუზისა და მისი შენაკადების დაბინძურება. დამატებითი კვლევები ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით 13 ლოკაციაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები