მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი გამოსამშვიდობებელ მიმართვას აქვეყნებს

649d3b2f3a6af
შოთა ტყეშელაშვილი
29.06.23 12:13
502
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული წარმომადგენელი სებასტიან მოლინეუსი გამოსამშვიდობებელ მიმართვას აქვეყნებს. მოლინეუსი ამ თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა, მიმდინარე წლის სექტემბერში კი მას როლანდე პრაისი შეცვლის.

გამოსამშვიდობებელ მიმართვაში სებასტიან მოლინეუსი საუბრობს იმ განგრძობად მხარდაჭერაზე, რომელსაც მსოფლიო ბანკი საქართველოს უწევს. მოლინეუსი იხსენებს იმ გამოწვევებს და პროექტებს, რომლებიც გასული რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ურთიერთობების მთავარი წარმმართველი იყო. მათ შორისაა COVID-19-ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი, რასთან დაკავშირებითაც საქართველომ საერთაშორისო დონორებისგან მნიშვნელოვანი საკრედიტო დაფინანსება მიიღო.

სებასტიან მოლინეუსის მიმართვა:

"გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო,

საქართველოში ყოფნის ბოლო ოთხი წლის მანძილზე ბევრი ვიდეო, ინტერვიუ და მედიაგამოსვლა ჩავწერე. თუმცა, დღევანდელი მიმართვა ალბათ ყველაზე რთულია. რატომ? იმიტომ რომ თქვენთან დამშვიდობება მიწევს, უნდა გითხრათ ნახვამდის!

ეს მართლაც სასიხარულო და ამავდროულად სევდიანი მომენტია როგორც ჩემთვის, ისე ჩემი ოჯახისთვის. სასიხარულოა იმიტომ, რომ ჩვენ შევძლებთ შინ, ვაშინგტონში დაბრუნებას, ჩვენს მეგობრებთან კვლავ შეხვედრას, და მე გავაგრძელებ მუშაობას მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვან დღის წესრიგზე, რომლის მიზანია სატრანსპორტო სექტორის დეკარბონიზაციის, გლობალური ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობა, ასევე ვიმუშავებ ციფრული განვითარების საკითხებზე, რაც მეტად აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოსთვის და ბანკისთვის შემდგომი რეფორმების განსახორციელებლად და წინსვლისთვის. ხოლო სევდიანია იმიტომ, რომ მე და ჩემი ოჯახი ვტოვებთ საქართველოს, რომელიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე ჩვენთვის მართლაც ძვირფას ადგილად იქცა.

ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია იყო მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის პოზიციაზე მუშაობა აქ, საქართველოში გასული ოთხი წლის მანძილზე. თუმცა, რეალურად მე ვარ ნაწილი საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამისა, რომელიც 1990-იან წლებში დაიწყო, როცა ქვეყანამ გეგმური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა აირჩია და ეს პროცესი გრძელდებოდა 2000-იან და 2010-იან წლებში. ამ ათწლეულებში ჩაეყარა საფუძველი ინსტიტუტების მშენებლობას, მტკიცე მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს, რომელმაც სტიმული მისცა ახლანდელ ეკონომიკურ ზრდას და შესაძლებელი გახადა მაშინდელი სიღარიბის განახევრება მიმდინარე ათწლეულში.

ბოლო 4 წლის განმავლობაში პირადად მქონდა პატივი მემუშავა უდიდეს გამოწვევებზე, როგორიც იყო COVID-19-ის პანდემია და მთავრობისთვის ჩვენ მიერ გაწეული მხარდაჭერა, ასევე, პარალელურად სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო კავშირების განვითარება საქართველოში. ციფრული განვითარების მიმართულებით აღსანიშნავია ჩვენი პროექტი Log-in Georgia, რომლის მიზანია 5,000 სოფლის დაკავშირება ინტერნეტთან. ასევე, თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი მოექცევა კავშირების განვითარების დღის წესრიგში სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ.

აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მაგისტრალის მშენებლობა და მისი გაფართოება შესაძლებელს გახდის საქართველოს დაკავშირებას ევროპასთან წყალქვეშა ენერგო და ციფრული კაბელის საშუალებით. ეს პროექტები, რომელთა განხორციელებასთან დაკავშირებით დახმარებას ვუწევთ მთავრობას, მართლაც განსაკუთრებულია ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამასთან ერთად, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინვესტიციაა საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთესი განათლებისა და ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად.

კოლეგებო და მეგობრებო,

მსურს, ჩემი უსაზღვრო მადლიერება გამოვხატო საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომელთაც შესანიშნავი მასპინძლობა გამიწიეს და შვილივით მიმიღეს.

დიდი მადლობა ჩვენს კლიენტებსა და სამთავრობო პარტნიორებს, რომელთაც ქვეყნის რეფორმირებისა და ევროპული მომავლისადმი მტკიცე ხედვა ჰქონდათ.

ასევე, დიდი მადლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, საელჩოებს, განვითარების მიმართულებით მომუშავე ჩვენს პარტნიორებს გასული ოთხი წლის განმავლობაში თანამშრომლობისთვის.

და ბოლოს, დიდი მადლობა როგორც კერძო სექტორს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც წარმოადგენდნენ ბევრი რეფორმის საყრდენს და თავიანთი ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდათ ჩვენი პროგრამების განხორციელებაში.

დასასრულს, მსურს, ყველას გულითადი მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის და იმისთვის, რომ ოჯახის წევრებად მიგვიღეთ, და მოუთმენლად ველით საქართველოში დაბრუნებას, რათა კვლავ გავხდეთ ამ შესანიშნავი საზოგადოებისა და ოჯახის ნაწილი.

დიდი მადლობა!

გაუმარჯოს საქართველოს!", - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის პრესსამსახური ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები