მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო ბანკმა სამხრეთ კავკასიაში ახალი რეგიონალური დირექტორი დანიშნა

5d19b1fc498d5
BM.GE
01.07.19 11:06
1046

2019 წლის 1 ივლისს მსოფლიო ბანკმა სამხრეთ კავკასიაში ახალი რეგიონალური დირექტორი დანიშნა. საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ბანკის წარმომადგენლობას გერმანელი ეკონომისტი სებასტიან მოლინეუსი უხელმძღვანელებს. 

მოლინეუსის წინამორბედი მერსი ტემბონი კი მსოფლიო ბანკის ბანგლადეშის ოფისის ხელმძღვანელად დაინიშნა. 

„სებასტიან მოლინეუსი გერმანიის მოქალაქეა. მან მსოფლიო ბანკის ჯგუფში საქმიანობა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC ) მოსკოვის ოფისის პროექტის მენეჯერად 2002 წელს დაიწყო. მას შემდეგ ეკავა სხვადასხვა პოზიციები, როგორც IFC -ში, ისე მსოფლიო ბანკში, სადაც კორპორაციული მართვის, კაპიტალის ბაზრების, ასევე საფინანსო და კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით მუშაობდა. ამჟამად, სებასტიან მოლინეუსი მსოფლიო ბანკში ფინანსების, კონკურენტუნარიანობის და ინოვაციების გლობალური პრაქტიკის განყოფილების დირექტორია.

ახალ თანამდებობაზე მუშაობისას, მოლინეუსის უმთავრესი სამი პრიორიტეტი იქნება: მთავრობასთან, დაინტერესებულ მხარეებთან და პარტნიორებთან მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის წარმართვა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში; მსოფლიო ბანკის საფინანსო, საკონსულტაციო მომსახურების ზედამხედველობა და პროგრამების შემდგომი წარმართვის ხელმძღვანელობა ქვეყნის სისტემური შეფასებისა და თანამშრონლობის ჩარჩო დოკუმენტის ფორმულირების ჩათვლით; და თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) და მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოსთან (MIGA) მსოფლიო ბანკის ჯგუფის საქმიანობის გასაძლიერებლად.

სებასტიან მოლინეუსი ამ პოზიციაზე შერჩეულ იქნა მსოფლიო ბანკის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის მეშვეობით. იგი შეცვლის ქალბატონ მერსი ტემბონს, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში რეგიონული დირექტორის თანამდებობა 2015 წლის სექტემბრიდან 2019 წლის ივნისამდე ეკავა,"- ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები