მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6%-მდე შეამცირა, რის მთავარ მიზეზადაც ბანკი შესუსტებულ საგარეო მოთხოვნას და ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებს ასახელებს, რომელიც პასუხისმგებლიანი დაკრედიტებისკენაა მიმართული. პროგნოზის 5%-მდე ზრდას ბანკი 2021 წელს ელოდება. 2019 წლისთვის ბანკის წინა პროგნოზი 5% იყო.
ამასთან, ბანკი აღნიშნავს, რომ საბანკო სექტორში დაწესებული ახალი რეგულაციები ერთის მხრივ შეანელებს დაკრედიტებასა და კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნას, თუმცა გააძლიერებს საფინანსო სექტორს.
ეკონომიკაზე მოქმედ რისკებს შორის სახელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებიდან 57 მაღალი რისკის მატარებელია, რასაც ემატება ის ვალდებულებები, რომლებსაც PPP ხელშეკრულებები ითვალისწინებს.
რეგიონის 24 ქვეყანას შორის, საქართველოზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას მსოფლიო ბანკი მხოლოდ უზბეკეთში, თურქმენეთში და ტაჯიკეთში ელოდება.
წყარო - Forbes.ge

























