მსოფლიო ბანკმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა როგორც რეფორმების, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიმართულებით. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორთან და ვიცე-პრეზიდენტთან გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, მხარეებმა განიხილეს ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროები და ის კონკრეტული პროექტები, რომლებსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს. ხუციშვილმა აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობასაც.
„განვიხილეთ სამომავლო პროექტები, რომელთა განხორციელებასა და დაფინანსებაში მსოფლიო ბანკი ძალიან აქტიურად იქნება ჩართული. ეს იქნება როგორც საგზაო, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, ასევე წყლის სისტემები და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები“, - განაცხადა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, საქართველო ბოლო ხუთი წლის პროგნოზით „ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა“ და ქვეყანა რეფორმებითა და განვითარებით რეგიონსა და მსოფლიოში გამოირჩევა.
ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკი საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად რჩება, რომლის მიერ განხორციელებული ინვესტიციების ჯამური მოცულობა 5 მილიარდ დოლარს აღემატება. მინისტრმა დაამატა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.




























