მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება ნიშნავს გაზრდილ ინვესტიციებს ზამთრის კურორტებზე"

5b08072168fa0
BM.GE
25.05.18 16:51
475
მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება უკვე ნიშნავს გაზრდილ ინვესტიციებს ზამთრის კურორტებზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო 2023 წელს თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებას.
მსოფლიო სათხილამურო ფედერაციის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენაა. ეს არის ჩვენი ქვეყნის აღიარება ზამთრის სპორტის სახეობებში საერთაშორისო უმაღლესი დონის ტურნირების ჩატარების მიმართულებით.

მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო საქართველოს სათხილამურო ფედერაციის როლი ამ მიმართულებით. კონკრეტულად, ეს იყო ზურაბ კოსტავას და გიორგი რამიშვილის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ მაშინვე გამოვეხმაურეთ. ჩვენ პროცესში აქტიურად ჩავერთეთ. შედგა ჩემი ვიზიტი შვეიცარიაში, სენტ-მორიცში, სადაც ჯან ფრანკო კასპერთან ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე და დავაფიქსირეთ ჩვენი თხოვნა და მზაობა. შემდგომ ძალიან ბევრი იმუშავა ეკონომიკის სამინისტრომ, „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“, სათხილამურო ფედერაციასთან ერთად და ჩვენ დღეს გვაქვს ეს შედეგი, რომელიც, რა თქმა უნდა, დიდი ვალდებულებაც არის. ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა მოვამზადოთ ამისთვის.

2023 წელი იქნება სტარტი იმისთვის, რომ ჩვენ ხორცი შევასხათ ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას და ამბიციას, რასაც 2030 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშების საქართველოში ჩატარება ჰქვია.

თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება უკვე ნიშნავს დღეიდან გაზრდილ ინვესტიციებს ბაკურიანში, გუდაურში და ზამთრის კურორტებზე, ვინაიდან, ჩვენი ქვეყანა ჩემპიონატის განმავლობაში მსოფლიო ყურადღების ცენტრში იქნება. ეს არის ძალიან დიდი პატივი და ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული შედეგების აღიარება, მაგრამ ამავე დროს - პასუხისმგებლობაც”,- განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები