საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო მსოფლიო ეკლესიები სამძიმრის წერილებს აქვეყნებენ. მათგან ერთ-ერთი პირველი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე იყო.
93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე გარდაიცვალა.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეს სამძიმარი:
„ღრმა მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე ცნობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. იგი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი და სულიერი ლიდერი, რომლის ცხოვრებაც ღვთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიეძღვნა.
მისი მრავალწლიანი საპატრიარქო მოღვაწეობის განმავლობაში, იგი მრავალი მორწმუნის სულიერ ორიენტირად რჩებოდა. იგი დაუღალავად ზრუნავდა რწმენის განმტკიცებაზე, ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებასა და სახელმწიფო ათეიზმის წლების შემდეგ საზოგადოების სულიერ აღორძინებაზე. ჩვენთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ის ფაქტი, რომ მან მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას განიცდის.
პატრიარქ ილია II-ის პიროვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის. მისი მოღვაწეობა შთააგონებდა ადამიანებს, ეხმარებოდა მათ განსაცდელის დაძლევასა და იმედის შენარჩუნებაში ყველაზე რთულ დროს, განსაკუთრებით რუსეთის მიერ პროვოცირებული ომების პერიოდში.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ეპისკოპატს, სამღვდელოებასა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მრევლს, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი წინამძღოლი, ასევე ქართველ ხალხს, რომლისთვისაც იგი არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ნამდვილი სულიერი მამა იყო.
ვლოცულობთ, რათა ჩვენმა ზეციერმა მამამ მიიბაროს თავისი მსახური სასუფეველში. უფალმა განუსვენოს ახლად შესვენებული კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სულს თავის სასუფეველში, ხოლო ყველა მგლოვიარეს მიმადლოს ნუგეში, მშვიდობა და სულიერი ძალა. საუკუნო იყოს მისი ხსენება!“
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ დანიელის სამძიმარი:
"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს
ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა ჩვენი ქრისტესმიერი საყვარელი ძმის, ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ამ სოფლიდან გასვლის შესახებ. იგი იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის ღირსეული პიროვნება და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ისე აღორძინების პერიოდში.
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას".
ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ელია:
"საქართველოს პატრიარქი ილია II მიიცვალა. საუკუნო ხსენება! მარადიული ხსოვნა!".
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილეს სამძიმრის წერილი:
"თქვენო მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობავ, ძვირფასო მეუფეო! უფლის მიერ საყვარელო თანამოსაყდრე-მღვდელმთავარნო!
ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ჩემი ძვირფასი თანამოსაყდრისა და თანამსახურის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების შესახებ.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით, გამოვთქვამ ყველაზე გულწრფელ სამძიმარს იმ მძიმე დანაკლისის გამო, რომელიც ეწვია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ეწვია.
ყოვლისშემძლე უფალმა ძველი ივერიის ეკლესიას მიჰმადლა პატრიარქი, რომელმაც მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე მის კეთილმოწყობაზე დაუღალავ ზრუნვას მიუძღვნა. უწმინდესი და უნეტარესი ილიას თითქმის ორმოცდაათწლიანი პატრიარქობა საქართველოს ეკლესიისა და მთელი მართლმადიდებლობის ცხოვრებაში მთელ ეპოქად იქცა. თავისი გულმოდგინე მსახურებითა და განსაკუთრებული გამჭრიახობით, გარდაცვლილმა განსაკუთრებული ავტორიტეტი და ღრმა პატივისცემა მოიპოვა არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ ერთმორწმუნე საქართველოს საზოგადოებაში.
როგორც უამრავი ბავშვის ნათლიამ, მან ნამდვილი სულიერი მამის ადგილი დაიკავა ქართველი ხალხის ცხოვრებაში, რომელიც ხედავდა, რომ „ღვთის სიბრძნე იყო მასში“ (3 მეფ. 3:28).
განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქი ჩვენს ეკლესიასთან ტრადიციულად კეთილ ურთიერთობებს უჭერდა მხარს. მან განათლება მოსკოვის სასულიერო სასწავლებლებში მიიღო და სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა სიყვარულს ღირსი სერგისადმი და მისი სავანისადმი; მას მსოფლიოს სტიქიებისგან ჩვენი ხალხების ქრისტესმიერი სულიერი ერთიანობის დაცვა აუცილებლად მიაჩნდა. რუსეთის ეკლესიის საზღვრებში არაერთი სტუმრობის დროს, ის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრავალრიცხოვანი მორწმუნეების მხრიდან ყოველთვის ყველაზე გულთბილ დამოკიდებულებასა და პატივისცემას იღებდა.
მართლმადიდებელ წინამძღოლთა შორის ასაკით უხუცესს, თავისი ბრძნული სიტყვით, მდიდარი გამოცდილებით, ღრმა ეკლესიურობითა და მაღალი ავტორიტეტით, მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა წმინდა ღვთის ეკლესიათა მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში. გვწამს, რომ მისი სულიერი ანდერძები ჩვენს საერთო მართლმადიდებლურ ოჯახში საიმედო ორიენტირად დარჩება, რაც ყველას დაგვეხმარება „რათა შევინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით“.
პირადად ჩვენ ძალიან კეთილი და ნდობით აღსავსე ურთიერთობები გვაკავშირებდა, რაც საშუალებას გვაძლევდა გაგვეცვალა აზრები და იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში მიმდინარე ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობებისთვის ობიექტური შეფასება მიგვეცა. ამ ნდობით აღსავსე ურთიერთობებმა ძალიან დაგვაახლოვა და დაგვეხმარა ერთობლივ მუშაობაში, რათა შეგვემსუბუქებინა უღმერთო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ტვირთი და მართლმადიდებელი ეკლესიების მდგომარეობა ჩვენს მაშინდელ ერთიან ქვეყანაში უკეთესობისკენ შეცვლილიყო.
უფალმა იესო ქრისტემ, „აღდგომამ და სიცოცხლემ“ (ინ. 11:25), განუსვენოს თავისი ერთგული მსახურის სულს ზეციურ სავანეში.
ღრმა სამძიმრითა და ქრისტესმიერი სიყვარულით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კ ი რ ი ლ ე".
კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმინდეს ბართლომეოს I-ის სამძიმარი:
"საქართველოს უწმინდესი ეკლესიის წმინდა სინოდს
საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ნეტარხსენებული წინამძღვრის, უწმინდესისა და უნეტარესის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო, ვიხსენებთ და ვიაზრებთ მის მამობრივ სიყვარულს ღვთისმოსავი ქართველი ერისა და საყვარელი ქვეყნის საქართველოს მიმართ, აგრეთვე ქართველი ერის მთელი გულით გამოხატულ სიყვარულსა და ღრმა პატივისცემას პატრიარქის ღირსეული პიროვნებისადმი მთელი მისი ხანგრძლივი და კურთხეული პატრიარქობის განმავლობაში, რომლის დროსაც განსაკუთრებით განმტკიცდა ურთიერთობები საქართველოს უწმინდეს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიას შორის, რომლის მიმართაც თავად უნეტარეს ილია II-ს ჰქონდა განსაკუთრებული პატივისცემა და მადლიერება.
გამოვხატავთ ჩვენს სამძიმარსა და გულწრფელ თანაგრძნობას საქართველოს უწმინდესი ეკლესიისა და მთელი მორწმუნე სამწყსოს მიმართ.
შევთხოვთ უფალს მთელი გულით, რომ მისი სული დაამკვიდროს კეთილთა უფლისათა ქვეყანასა მას ცხოველთასა და მართალთა სავანეში, და რომ ეკლესიის უფალმა და მწყემსმთავარმა ქრისტემ ღირსეული მემკვიდრე გამოუჩინოს მას.
იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის, ჩვენი ძმისა და თანამწირველის, ხსოვნა საუკუნო და დაუვიწყარი.
უფლისმიერი ძმობით ბართლომეოსი"
სომხეთის კათალიკოს გარეგინ მეორის სამძიმარი:
„მისი უწმინდესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მრავალწლიანი მწყემსმთავრული მსახურება სარწმუნოების ძალისა და სულიერად ერთგული წინამძღოლობის დასტური გახლდათ. მისი პონტიფიკატი აღინიშნა საქართველოში სულიერი ცხოვრების აღორძინებით, საეკლესიო ცხოვრების განმტკიცებითა და გამოცოცხლებით. მძიმე ჟამს, ნეტარხსენებული პატრიარქი თავის ერთგულ სამწყსოს მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით წარმართავდა და მტკიცედ იცავდა საქართველოს წმინდა ეკლესიის მისიას“.
სომხეთის კათალიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ პატრიარქის ხსოვნა მომავალი თაობებისთვის მარადიულად შთაგონების წყარო გახდება .
იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის, უნეტარეს თეოფილე III-ის სამძიმარი:
"წინამდებარე საპატრიარქო წერილით უღრმეს სამძიმარს ვუცხადებთ მოძმე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას მისი ნეტარხსენებული მწყემსმთავრის, ილია II-ის უფლისმიერ მიცვალების გამო. იგი იყო რწმენის, სათნოების, განათლებისა და ქრისტესმიერი ურყევი რწმენის ადამიანი.
ეკლესია, თუმცა გლოვობს ადამიანურად, სულიერად მაინც ხარობს აღდგომის სასოებით, როგორც ამას მოციქული ადასტურებს: „რამეთუ გინა თუ ცხოველ ვართ, უფლისანი ვართ; გინა თუ მოვკვდებით, უფლისანივე ვართ“ (რომ. 14,8) და „არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი... რაჲთა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხუანი მათ, რომელთა არა აქუს სასოებაჲ“ (I თეს. 4,13).
ჩვენი უფლისმიერ განსვენებული საყვარელი ძმა იყო ღვთის საიდუმლოთა ერთგული განმგებელი (I კორ. 4,1) და იქცა თავისი ერის ერთიანობის სიმბოლოდ. მასზე მინდობილ ეკლესიის სამრევლოს ემსახურებოდა სიბრძნით, სიმშვიდითა და მამობრივი მზრუნველობით, რითაც იქცა კეთილი მწყემსის ნიმუშად, უფლის სიტყვისამებრ: „მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს“ (ინ. 10,11).
მან კეთილგონივრული მოთმინებით განასრულა სიცოცხლე „სიბერესა კეთილსა, მოხუცებული და სავსე დღეთაგან“ (დაბ. 25,8) და მოწოდებულ იქნა უფლის მიერ საუკუნო სასუფეველში, სადაც მას მოელის "სიმართლისა იგი გჳრგჳნი, ... უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მან მსაჯულმან; არა ხოლო თუ მას, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაჲ მისი“ (II ტიმ. 4,8).
ამ ჟამს წმინდა სიონი, დედა ეკლესიათა, ძმური სიყვარულითა და ლოცვით თანაუგრძნობს თქვენს ყოვლადუსამღვდელოესობას და საქართველოს ეკლესიის მთელ ღვთისმსახურ მრევლს. ვევედრებით მშვიდობის ღმერთს, „რომელიც აძლევს მშვიდობას შორიელთა და ახლობელთა“ (ეს. 57,19; ეფეს. 2,17), რათა განგამტკიცოთ და ნუგეშინისცეს ყველას გულს.
ჩვენს რეგიონში არსებული საომარი მდგომარეობის გამო, პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს, ანთედონოსის ყოვლადუსამღვდელოეს მთავარეპისკოპოს ნექტარიოსს, კონსტანტინოპოლში ჩვენს საპატრიარქო ეპიტროპოსს.
ყოველივე ამასთან ერთად, კვლავინდებურად ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ თქვენს ყოვლადუსამღვდელოესობას, წმინდა სინოდის პატივცემულ წევრებსა და საქართველოს უწმინდესი ეკლესიის მთელ კრებულს. წმინდა და ცხოველმყოფელი საფლავიდან გიძღვნით წმინდა ამბორს. წმინდა ქალაქი იერუსალიმი, ქრისტესმიერ საყვარელი ძმა, თეოფილე IIIიერუსალიმის პატრიარქი".
რომის პაპი ლეონ XIV მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს უსამძიმრებს:
"დიდი გულისტკივილით შევიტყვე ცნობა მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს და ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას ჩემს ძმურ თანადგომას. თქვენი ერისათვის ამ მწუხარე ჟამს, გიერთდებით ლოცვაში და თქვენთან ერთად მადლიერებით ვიხსენებ მწყემსსა და მამას, რომელიც მრავალი წლის მანძილზე წინ მიგიძღოდათ სიკეთით, სიბრძნით და სახარებისეული ძლიერებით.
თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე, პატრიარქი ილია II გახლდათ ღვთისმოსავი მოწმე მკვდრეთით აღმდგარი უფლის რწმენისა. იგი თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში, სიყვარულით მფარველობდა ტრადიციებსა და იმედით აღავსებდა ადამიანთა გულებს და მთელ საზოგადოებას.
მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო მისი სიყვარული მუსიკისადმი, რომელიც წარმოგვიჩენს უფლისეულ მშვენიერებას და რომელსაც ძალუძს გააერთიანოს ხალხები, დააახლოვოს ეკლესიები, მიუხედავად მათი კულტურული და თეოლოგიური განსხვავებებისა.
უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა. იგი გულთბილი და ძმური სულისკვეთებით შეხვდა ჩემს ორ წინამორბედს - წმიდა იოანე პავლე მეორეს და პაპ ფრანცისკეს.
და ახლა, როცა უფალს ანდობთ ამ ერთგულ მსახურს, კვლავაც ჩაგვესმის პავლე მოციქულის სიტყვები, დასტურად იმისა, რომ იესოს აღდგომა ჩვენი რწმენის საფუძველი და იმედის წყაროა, რადგან, თუ იესო არ აღმდგარა, ჩვენი რწმენაც ფუჭი ყოფილა (შდრ, 1 კორ 15:14). ამიტომაც, მწყემსის სიკვდილმა გულები სასოწარკვეთით კი არა, იმის რწმენით უნდა აგვივსოს, რომ სიცოცხლე არ ჰქრება, არამედ გარდაიქმნება.
ამ გრძნობებით აღსავსე, ჩემს ძმურ სიახლოვეს ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, რომელსაც თანამოსაყდრეობის მძიმე ტვირთი აკისრია. დაე, უფალმა მოგმადლოთ სინათლე, სიბრძნე და ძალა, რათა თქვენც იმგვარივე მწყემსისეული სიყვარულით წარუძღვეთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორითაც გარდაცვლილი პატრიარქი მიუძღოდა.
შევთხოვ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ნუგეშისა და სიყვარულის მოსასხამით დაიფაროს თქვენი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობა, წმიდა სინოდი და მთელი ქართველი ერი".




























