PricewaterhouseCoopers (PwC)-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკური ზრდა, ბოლო 7 წლის განმავლობაში, ყველაზე სწრაფი იქნება.
PWC -ის უახლესი ანგარიშის (Global Economy Watch) მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 4% იქნება.
„მსოფლიო ეკონომიკის ზრდა ფართომასშტაბიანი და სინქრონიზებული იქნება და არ იქნება დამოკიდებული რამდენიმე ქვეყანაზე. მოსალოდნელია, რომ მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ძირითადი განმსაზღვრელი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, აზიისა და ევროკავშირის განვითარებადი ქვეყნებიც იქნება, რომელთა წვლილიც 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკის ზრდაში დაახლოებით 70%-ს შეადგენს“ - ნათქვამია ანგარიშში.
ევროზონის მთლიანი შიდა პროდუქტი 2018 წელს 2% -ზე მეტით გაიზრდება. ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ უკვე მეხუთე წელია ე.წ. „პერიფერიული“ ევროზონის ქვეყნების ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება (2.5%), ვიდრე სხვა ქვეყნების.
ჩინეთის ეკონომიკის ზრდა 2018 წელს 6%-7% იქნება, ხოლო ’’დიდი შვიდეულის“ ქვეყნებში უმუშევრობა 40 წლიან მინიმუმს მიაღწევს და 5% -ზე დაბალი იქნება. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს ნავთობის საშუალო ფასები რეალურ გამოხატულებაში სტაბილურობას შეინარჩუნებს, ხოლო მსოფლიოს ელექტროენერგიის დეფიციტი პიკურ მაჩვენებელს მიაღწევს.

























