მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 19-23 იანვარს ჩატარდება - ვინ დაესწრება?

davos 2026

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) 56-ე ყოველწლიური შეხვედრა დავოსში 19-23 იანვარს გაიმართება და მთელი მსოფლიოდან მთავრობების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წამყვან ლიდერებს გააერთიანებს. წლევანდელი შეხვედრის თემაა "დიალოგის სული" (A Spirit of Dialogue).

ფორუმს 130-მდე ქვეყნის 3000-მდე დელეგატი დაესწრება. ფორუმის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, Davos 2026 სექტორების, ინდუსტრიების, მთავრობებისა და თაობების უნიკალურ ნაზავს წარმოადგენს, რაც საერთო გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო მრავალფეროვან ხედვებს უზრუნველყოფს.

"გეოპოლიტიკასა და ეკონომიკურ ზრდაზე მიძღვნილი სესიების ფარგლებში, ფორუმი იმსჯელებს, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობის აღდგენა ნორმების გადახედვის, დაძაბული ალიანსებისა და ნდობის შემცირების ფონზე. თანამშრომლობის ახალმა მოდელებმა, შესაძლოა, ახალი შესაძლებლობები გააჩინოს, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და გლობალური ინტეგრაციის შესახებ არსებული შეხედულებები იცვლება.

დისკუსიები პრაქტიკულ და შედეგზე ორიენტირებულ გზებს დაეთმობა - გეოპოლიტიკური რისკებისა და ეკონომიკური გაურკვევლობის მართვიდან დაწყებული, ინოვაციების ათვისებით დამთავრებული. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ტრანსფორმაციული ტექნოლოგიების, მათ შორის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებაზე", - ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებგვერდზე.

ოფიციალური ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეთა შორის არიან WEF-ის პარტნიორი კომპანიების ხელმძღვანელები, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, მაღალი რანგის ოფიციალური პირები G7-ის, G20-ისა და BRICS-ის ქვეყნებიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები.

ფორუმზე დასწრება უკვე დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს, Davos 2025-ში საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია. გასულ წელს მთავრობის ადმინისტრაციაში BMG-ის განუცხადეს, რომ მიწვევა არც დავოსიდან არ მიუღიათ. თუმცა ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისთვის დავოსში მონაწილეობა პრიორიტეტული არ იყო. ბოლო ოცწლეულში გასულ წელს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე არ მონაწილეობდა.

2024 წელს, პრემიერის პოსტის დატოევებამდე ერთი თვით ადრე, დავოსში ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა, რომელმაც „ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ" - ამ სახელწოდების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

BMG დაინტერესდა და მთავრობის ადმინისტრაციას უკვე მიმართა კითხვით - მიიწვიეს თუ არა პრემიერ-მინისტრი დავოსოს ეკონომიკურ ფორუმზე და დაესწრება თუ არა ირაკლი კობახიძე წლის ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ ღონისძიებას. პასუხს მიღებისთავანე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები