მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო - რას ედავებიან კლაუს შვაბს?

შვაბი

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დაკვეთით ორგანიზაციაში შიდა გამოძიება დაიწყო, რომელიც დამფუძნებლის, კლაუს შვაბის ათწლიან საქმიანობას შეისწავლის. გამოძიება ანონიმური ინფორმატორის საჩივრის შემდეგ დაიწყო, რომელშიც საუბარია ბულინგზე, ქალი თანამშრომლების არასათანადო მოპყრობასა და ფინანსების არასანქცირებულად განკარგვაზე.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საქმის ფაილებს თან ახლავს შვაბის მიერ თანამშრომლებისთვის გვიან ღამით გაგზავნილი პერსონალური სახის წერილები, რომლებიც პოტენციურად საქმიანი გარემოსთვის შეუსაბამოდ შეიძლება ჩაითვალოს.

ამასთან, სარჩელში აღნიშნულია, რომ შვაბმა და მისმა მეუღლემ, ჰილდე შვაბმა, კომპანიის ხაზინიდან $1.1 მილიონი სამოგზაურო ხარჯებად გააფორმეს, რასაც გამოძიება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. საუბარია ჰილდე შვაბისთვის ფორუმზე დასასწრებად პირველი კლასის ბილეთების შესყიდვაზე მაშინ, როცა ქალს ღონისძიებაში რამე როლი არ გააჩნია, ასევე პირად მოგზაურობებზე ვენეციაში, მაიამიში, სეიშელებსა და მორკოში, რაც კომპანიას $63 ათასი დაუჯდა, თუმცა ამ მოგზაურობებში ბიზნესაქტივობების შესრულების მინიმალური მტკიცებულება არსებობს.

გამომძიებლები საუბრობენ სასტუმროების მიერ World Economic Forum-ისგან ჩამოჭრილი თანხების 14 სხვადასხვა შემთხვევაზე, რომლებზეც კლაუს შვაბი აღნიშნავს, რომ კომპანიას ამ ხარჯების ნახევარი უკვე აუნაზღაურა და სასტუმროებსაც მისცა ინსტრუქცია, რომ ხარჯი პირადი ანგარიშიდან ჩამოაჭრან.

გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ფორუმის 50-მდე მოქმედი და ყოფილი თანამშრომელი, რომლებიც სამუშაო გარემოს ნაკლოვანებებზე მიუთითებენ. ერთ-ერთი მათგანი იმასაც აღნიშნავს, რომ შვაბის ლიდერობის სტილი ფეოდალურ სამფლობელოს ჰგავს, სადაც "კონტროლის მთავარი წყარო დაშინებაა".

კლაუს შვაბმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სამეურვეო საბჭო მიმდინარე წლის აპრილში დატოვა. იგი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საკუთარ თავს ახალგაზრდა თანამშრომლებისთვის მამის როლში ხედავდა.

შვეიცარიული ფირმა Homburger გამოძიებას, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს დაასრულებს. გამოძიების შედეგები ფორუმის სამეურვეო საბჭოსა და, პოტენციურად, შვეიცარიის პროკურატურას წარედგინება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები