მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი გადადგა - რატომ?

ბორგე ბრენდე

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ბორგე ბრენდე თანამდებობას ტოვებს, რისი მიზეზიც მსჯავრდებულ ფინანსისტთან, ჯეფრი ეპშტეინთან მისი კავშირების გასაჯაროება გახდა.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გასაჯაროებულმა და შემდგომ უცხოური მედიის მიერ გამოკვლეულმა 100-ზე მეტმა დოკუმენტმა დაადასტურა, რომ ბრენდეს ეპშტეინთან მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა და მის კრიმინალურ წარსულზე სრულად იყო ინფორმირებული. როგორც ირკვევა, WEF-ის ხელმძღვანელი ნიუ-იორკში მდებარე ეპშტეინის რეზიდენციაში გამართულ ვახშმებს რეგულარულად ესწრებოდა. ეს კი განსაკუთრებით საყურადღებო გახდა იმ ფონზე, რომ გასულ წელს მსგავსი ფაქტის არსებობას ბრენდე კატეგორიულად უარყოფდა.

თავის მხრივ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მმართველმა საბჭომ გადადგომის გადაწყვეტილება დააკმაყოფილა და ორგანიზაციის დროებით ხელმძღვანელად ალუის ცვინგი დანიშნა. როგორც ცნობილია, ციურიხის იურიდიულმა ფირმა Homburger-მა დამოუკიდებელი გამოძიება უკვე დაასრულა და გავრცელებული ფაქტების მიღმა დამატებითი რისკები ვერ გამოავლინა, შესაბამისად, ბრენდეს სისხლის სამართლის დევნა არ ემუქრება. ანალიტიკოსების შეფასებით, აღნიშნული სკანდალი დავოსის სამიტის ორგანიზატორებს სერიოზულ რეპუტაციულ დარტყმას მიაყენებს და საერთაშორისო ინსტიტუტის მიმართ საზოგადოებრივ ნდობას შეამცირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები