მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო რაგბიმ ახალი ტურნირი ოფიციალურად დაამტკიცა

მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირი

მსოფლიო რაგბიმ ოფიციალურად გამოაცხადა ახალი ტურნირის შესახებ, რომელიც ფაქტობრივად ამხანაგური მატჩების პრაქტიკას დაასრულებს.

საუბარია 24-გუნდიან ტურნირზე, რომელიც 2026 წლიდან ყოველ ორ წელიწადში, ივლისსა და ნოემბერში ჩატარდება და არ დაემთხვევა არც მსოფლიოს ჩემპიონატს და არც ბრიტანელი ლომების ტურნეების წლებს. შეჯიბრება ორ დონედ წარიმართება. პირველში, რომელსაც ერთა ჩემპიონატი ეწოდა, 6 ერისა (საფრანგეთი, ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია, უელსი, იტალია) და რაგბი ჩემპიონშიპის (ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, არგენტინა) გუნდები ჩაებმებიან და ორ მიწვეულ ნაკრებს ფიჯისა და იაპონიას დაიმატებენ.

იარსებებს მეორე დონის იგივე ერთა თასის შეჯიბრებაც, რომელშიც საქართველო, პორტუგალია, ესპანეთი, რუმინეთი, აშშ, კანადა, ჩილე, ურუგვაი, ტონგა, ზიმბაბვე და ჰონკონგი მოხვდნენ, მე-12 ნაკრები კი ის გახდება, ვინც მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის ბოლო საგზურს მოიპოვებს. გადამწყვეტი შეხვედრა სამოასა და ბელგიას შორის არის დაგეგმილი.

მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, ერთა თასის A ჯგუფში ევროპის, აზიისა და აფრიკის წარმომადგენლები ანუ საქართველო, რუმინეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ჰონკონგი და ზიმბაბვე მოხვდებიან, B ჯგუფს კი ამერიკისა და ოკეანეთის ნაკრებები დააკომპლექტებენ: აშშ, კანადა, ჩილე, ურუგვაი, ტონგა და სამოა/ბელგია.

A და B ჯგუფების წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ბორჯღალოსნები მომავალი წლის ივლისში სამ თამაშს სტუმრად ჩაატარებენ, ნოემბერში კი სამ სხვა გუნდს შინ მიიღებენ. ამგვარად, წლის ბოლოს გუნდებს 6-6 მატჩი მოუგროვდებათ და A და B ჯგუფების გამარჯვებულები ჩემპიონებად გამოცხადდებიან.

ეს ცუდი სიახლეა საქართველოს ნაკრებისთვის, რადგანაც “ბორჯღალოსნები” ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მსოფლიო თასის გარდა, ე.წ. პირველი დონის ქვეყნების ნაკრებებთან თამაშს ვეღარ შეძლებენ.

სიტუაციას ისიც ართულებს, რომ თავდაპირველად ტურნირებს შორის გავარდნა-აღზევების სისტემა არ იმოქმედებს, თუმცა, ის ძალაში შევა 2030 წლიდან. თუკი არაფერი შეიცვალა, ერთა თასის ჩემპიონები ერთა ჩემპიონატის აუტსაიდერებს პლეი-ოფში შეხვდებიან და ელიტაში სწორედ დამატებითი მატჩების მოგების შემთხვევაში მოხვდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები