14 ნოემბერს დუბლინში მსოფლიო რაგბის საბჭოს შუალედურ სხდომაზე ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. ამრიგად მსოფლიო რაგბის მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ავსტრალიელი ბრეტ რობინსონი გაუძღვება, რომელიც პირველი პრეზიდენტია “სამხრეთ ნახევარსფეროდან”.
რობინსონის გარდა მთავარი კანდიდატები იყვნენ ფრანგი აბდელატიპ ბენაზი, რომელსაც თავის დროზე ეროვნულ ნაკრებში 78 ჩატარებული თამაშიც დაუგროვდა. მას მხარს უჭერდა მთლიანად რაგბი ევროპა, რადგან ბენაზი მეორე ეშელონის სარაგბო ქვეყნების განვითარებას აქტიურად გულშემატკივრობს.
მესამე კი იტალიელი ანდრეა რინალდო იყო, რომელსაც ირლანდიელების მხარდაჭერა უმაგრებდა ზურგს.
“უდიდესი პატივი და პრივილეგიაა, რომელიც დღეს მსოფლიო რაგბის საბჭომ, ჩემმა კოლეგებმა მომანიჭეს. ჩვენ ყველას საერთო ამბიცია გვამოძრავებს, რაც გულისხმობს თამაშის ხარისხისა და სიძლიერის გაზრდას” - განაცხადა მსოფლიო რაგბის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ბრეტ რობინსონმა.
რობინსონის მიერ დასახელებულ მიზნებს შორის შედის:
1) ფინანსური მდგრადობა ყველა წევრ გაერთიანებაში, მზარდი ხარჯების ბაზისა და ხელფასების ინფლაციის ფონზე.
2) მსოფლიო რაგბის გლობალური ზრდის, დღის წესრიგის მომდევნო ეტაპის გონივრული განსაზღვრა.
3) ისეთი ტურნირების შექმნა, რომელიც მოიზიდავს მაყურებელს და გაზრდის შემოსავლებს.
4) მსოფლიო რაგბის, როგორც დისციპლინირებული და მიზნისთვის შესაფერისი მმართველ ორგანოდ ჩამოყალიბება.
5) მოთამაშეთა უსაფრთხოებაში, კანონის რეფორმასა და ინოვაციებში ინვესტიციების ჩადებით, მოთამაშეთა და გულშემატკივართა გამოცდილების გაზრდა.
ბრეტ რობინსონი ბილ ბომონტს ჩაანაცვლებს, რომელმაც 2016 წელს დაწყებული 8-წლიანი მმართველობა და ორი ვადით პრეზიდენტობა სრულად გამოიყენა. ბომონტის ისტორიულმა რეფორმებმა საერთაშორისო რაგბი შეცვალა, რაც უკავშირდება მამაკაცთა და ქალთა მსოფლიო ჩემპიონატების გადიდებას და მისი მასპინძლობის მოდერნიზებულ მოდელს, რომელიც ზრდისა და გავლენის გაღვივებაზე არის ორიენტირებული. ბომონტმა გლობალური პანდემიის ტურბულენტობის ჟამს მოახერხა კიდევ უფრო დაეახლოვებინა და გაეღრმავებინა ურთიერთობები პროფესიონალურ ლიგებსა და მოთამაშეებს შორის.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ 4 წლით რაგბი ევროპის პრეზიდენტად ნიდერლანდელი იანჰეინ პიტერსი აირჩიეს, რომელმაც ხმების 70% მიიღო.