გუშინწინ მცირეოდენი მომჯობინების შემდეგ, დოლარმა ახალ სარეკორდო სიდაბლეებს მიაღწია. გუშინ ძირითადი სავალუტო კალათის მიმართ დოლარის გაუფასურებას საფუძვლად დაედო კერძო სექტორში დასაქმების ახალგამოსული სტატისტიკა.
ამერიკის კერძო სექტორმა მხოლოდ 178,000 სამუშაო ადგილი შექმნა გასულ თვეს, რაც შესამჩნევად ჩამოუვარდება პროგნოზს – 185 000-სს. ეს ამერიკის შრომის ბაზრის შენელებაზე მიანიშნებს, რაც თავის მხრივ, ამყარებს ეჭვს, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკი უკუაგდებს თავის გეგმას მონეტარული პოლიტიკის წელს კიდევ ერთხელ, მესამედ გამკაცრების მიმართულებით.
დოლარის შეფერხებამ გირვანქა სტერლინგი მოაძლიერა ზუსტად Bank Of England-ის თათბირის წინ, სადაც საპროცენტო განაკვეთის ბედი უნდა გადაწყდეს.
ახლა გირვანქა სტერლინგის ფასი დოლარსა და 32 ცენტს აჭარბებს. ევროს ფასი დოლარსა და 19 ცენტს აღწევს, ხოლო იაპონელებისთვის დოლარი 110.5 იენზე ნაკლები ღირს.
სამშაბათს ბიტკოინი ორად გაიყო, - ბიტკოინად და ბიტკოინ ქეშად. გაყოფის დღეს ბიტკოინ ქეში 300 დოლარი ღირდა, დღეს კი მისი ფასი უკვე 400 დოლარს აღწევს. გუშინ, ფასი 700 დოლარზეც დაფიქსირდა. თავად ბიტკოინი 2,729 დოლარი ღირს. გაუმართლათ მათ, ვისაც ბიტკოინი ჰქონდა. ვინაიდან ბლოკჩეინზე ბიტკოინსა და ბიტკოინ ქეშს საზიარო ისტორია აქვთ, გაყოფა ნიშნავს, რომ რა რაოდენობის ბიტკოინიც ჰქონდათ მფლობელებს, იმდენივე ბიტკოინ ქეშს მიიღებდნენ ბევრ პლატფორმაზე. რაც შეეხება ეთერიუმს, მისმა ფასმა ოდნავ მოიმატა და 223 დოლარი ღირს.

























