ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში მოსახლეობის საგადასახადო ტვირთს ზომავს.
რეიტინგის შედგენისას, შემდეგი კომპონენტები იქნა გამოყენებული: პირადი საშემოსავლო გადასახადი, დასაქმებულისა და დამსაქმებლების სოციალური უსაფრთხოების კონტრიბუცია, დამსაქმებლის შრომითი ხარჯი.
კვლევის მიხედვით, OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის, ყველაზე მაღალი საგადასახადო განაკვეთები ბელგიელებს აქვთ. ბელგიის მოქალაქის საგადასახადო ტვირთი შემოსავლის 55%-ია. საშუალოდ OECD-ში საგადასახადო ტვირთი 39%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზე ავსტრიაა და აღნიშნული ციფრი 49%-ს შეადგენს, სამეულს ასრულებს გერმანია - ასევე 49%-ით.
მეოთხე-მეხუთე პოზიციებზე არიან უნგრეთი და იტალია. მეექვსე პოზიციაზე საფრანგეთია სადაც საგადასახადო ტვირთი 48%-ს შეადგენს. მეშვიდე ადგილზე ფინეთია, 43 პროცენტიანი მაჩვენებლით, მერვეზე კი ჩეხეთი 42%-ით.
მეცხრე პოზიციაზე შვედეთია, სადაც საგადასახადო ტვირთი შემოსავლის ასევე 42%-ს შეადგენს, ხოლო ათეულს სლოვენია ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს შორის საგადასახადო განაკვეთებზე განსხვავება პირველ ათეულში მინიმალურია, თუმცა მაგალითად ჩილეში აღნიშნული ციფრი მხოლოდ 7%-ია.

























