ვენჩურული კაპიტალისა და სტარტაპების სფეროში ტერმინი "იუნიქორნი" (Unicorn) კერძო მფლობელობაში არსებულ იმ კომპანიას აღნიშნავს, რომლის საბაზრო შეფასებაც 1 მილიარდ აშშ დოლარს ან მეტს შეადგენს.
Crunchbase-ის 2026 წლის მონაცემების მიხედვით, გლობალური იუნიქორნების ეკოსისტემა კონკრეტულ სექტორებსა და გეოგრაფიულ რეგიონებშია კონცენტრირებული. უმსხვილესი 30 იუნიქორნ სტარტაპის 60% ხელოვნურ ინტელექტზე მოდის, გეოგრაფიულად კი შეერთებული შტატები და ჩინეთი ლიდერობენ.
წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ძვირად ღირებულ იუნიქორნ კომპანიას, 2026 წლის ივნისის მონაცემებით:
1. Anthropic - $965 მილიარდი
გლობალური იუნიქორნების რეიტინგში Anthropic ლიდერობს, რომლის შეფასებაც თითქმის ტრილიონს, 965 მილიარდ დოლარს აღწევს. სან-ფრანცისკოში ბაზირებული კომპანია ძირითადად თავისი AI მოდელით, Claude-ითაა ცნობილი. Bloomberg-ის ცნობით, კომპანია მიმდინარე წლის ოქტომბერში აქციების პირველადი საჯარო განთავსებისთვის ემზადება.
2. OpenAI - $852 მილიარდი
მეორე ადგილს OpenAI იკავებს, ChatGPT-ის შემქმნელი კომპანია, რომელმაც საფუძველი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გლობალურ ბუმს დაუდო. კომპანიის საბაზრო ღირებულება 852 მილიარდ დოლარს შეადგენს.
3. ByteDance - $480 მილიარდი
ByteDance, რომელიც მოკლე ვიდეოების პლატფორმა TikTok-ის მშობელი კომპანიაა, ყველაზე ძვირად ღირებულ არა-AI-ზე ორიენტირებულ იუნიქორნად რჩება, 480 მილიარდ დოლარიანი შეფასებით. მოკლე ვიდეოების მიღმა, ByteDance აქტიურად გაფართოვდა ელექტრონული კომერციის, გეიმინგისა და კორპორაციული პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით.
4. Stripe - $159 მილიარდი
Stripe, რომლის ღირებულებაც 159 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ინტერნეტ-ბიზნესებისთვის წამყვან ფინანსურ პლატფორმას წარმოადგენს. წლების განმავლობაში Stripe-მა მანქანური სწავლება თაღლითობის აღმოსაფხვრელად, გადახდების ოპტიმიზაციისა და სხვა ფინანსური სერვისების ავტომატიზაციისთვის დანერგა, რის გამოც მას ხელოვნური ინტელექტის კომპანიის კლასიფიკაცია ენიჭება.
5. Ant Group - $150 მილიარდი
Alibaba Group-თან ასოცირებული Ant Group-ის ღირებულება 150 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანია Alipay-ს მართავს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ციფრული საგადახდო პლატფორმაა. ტრანზაქციების დამუშავების გარდა, Ant Group ჩინეთში ასობით მილიონ მომხმარებელსა და მცირე თუ საშუალო ბიზნესს ციფრულ საბანკო, სადაზღვევო და აქტივების მართვის სერვისებს სთავაზობს.
6. Databricks - $134 მილიარდი
134 მილიარდ დოლარად შეფასებული Databricks საწარმოებს მონაცემთა ანალიტიკისა და ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებებს საკუთარი "Lakehouse" არქიტექტურის მეშვეობით სთავაზობს. იგი კორპორაციულ კლიენტებს საშუალებას აძლევს შეინახონ, დაამუშაონ და გააანალიზონ მასშტაბური მონაცემები, რომლებიც შემდგომში ინდივიდუალური AI მოდელების უსაფრთხოდ შესაქმნელად და მოსამზადებლად გამოიყენება.
7. Waymo - $126 მილიარდი
Alphabet-ის შვილობილი კომპანია Waymo 126 მილიარადადაა შეფასებული. პროექტი, რომელიც თავდაპირველად Google-ის თვითმავალი ავტომობილების სახით დაიწყო, დღეს მე-4 დონის ავტონომიური ტექნოლოგიების პიონერია. მისი კომერციული ტაქსის სერვისი, Waymo One, სრულად უპილოტოდ ოპერირებს ამერიკის რამდენიმე დიდ ქალაქში, რაც AI-ზე დაფუძნებული ნავიგაციური სისტემების კომერციულ პოტენციალს უსვამს ხაზს.
8. Reliance Retail - $101 მილიარდი
ინდოეთის უმსხვილესი კონგლომერატის, Reliance Industries-ის საცალო ვაჭრობის მიმართულება Reliance Retail 101 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. კომპანია მთელ ინდოეთში ათასობით ფიზიკურ მაღაზიას მართავს საკვები პროდუქტების, ელექტრონიკისა და მოდის მიმართულებით.
9. Revolut - $75 მილიარდი
გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ძვირად ღირებული "იუნიქორნი”, Revolut 75 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ნეობანკმა, რომელმაც თავდაპირველად მრავალვალუტიანი სამოგზაურო ბარათით დაიწყო, მალევე შექმნა სრულფასოვანი ფინანსური "სუპერ-აპლიკაცია". Revolut მომხმარებლებს ფულად გზავნილებს, აქციებითა და კრიპტოვალუტით ვაჭრობას, ბიზნეს ანგარიშებსა და დაზოგვის პროდუქტებს სთავაზობს ევროპასა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე.
10. Shein - $66 მილიარდი
ათეულს Shein 66 მილიარდი დოლარის შეფასებით ხურავს. ელექტრონული კომერციის გლობალურმა გიგანტმა მოდის ინდუსტრია მოთხოვნაზე დაფუძნებული, რეალურ დროში მომუშავე წარმოების მოდელით გარდაქმნა. ანალიტიკის გამოყენებით, Shein მოდის ტრენდებს აიდენტიფიცირებს და ტანსაცმელს მცირე პარტიებად აწარმოებს, რის შედეგადაც ტრენდული პროდუქცია მომხმარებლებს მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში სწრაფად მიეწოდება.




























