მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს 5 ყველაზე გაუფასურებული/გამყარებული ვალუტა 2020 წლის შემდეგ - რეიტინგი

ვალუტები

პანდემიის შედეგები, ომები, გლობალური კრიზისები და ინფლაცია - ბოლო ექვსმა წელმა მსოფლიო ვალუტების ღირებულება რადიკალურად შეცვალა. მაშინ, როცა ზოგიერთი ვალუტა საერთაშორისო ბაზრებზე მკვეთრად გამყარდა, სხვებმა ღირებულების უდიდესი ნაწილი დაკარგეს.

ბრიტანული გამოცემა LoveMONEY-ის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელიც საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მონაცემებს ეყრდნობა, 2020 წლის ივლისიდან 2026 წლის ივლისამდე 21 ძირითადი ვალუტა შეაფასა. რეიტინგი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს ეფუძნება, რომელიც ვალუტის საერთო პოზიციას არა მხოლოდ დოლართან, არამედ ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების კალათასთან მიმართებით ზომავს.

არგენტინული პესო - -95.1%

ბოლო ექვს წელიწადში ყველაზე მეტად არგენტინული პესო გაუფასურდა - მან საერთაშორისო ღირებულების 95% დაკარგა. ქვეყნის ხანგრძლივმა ეკონომიკურმა პრობლემებმა, საბიუჯეტო დეფიციტმა, სახელმწიფო ვალის ზრდამ და განმეორებითმა სავალუტო კრიზისებმა ეროვნული ვალუტის პოზიცია მნიშვნელოვნად შეასუსტა. 2020 წლიდან ქვეყანაში ფასები დაახლოებით 36-ჯერ გაიზარდა, რის შედეგადაც პესოს ადგილობრივი მსყიდველობითი უნარი დაახლოებით 97%-ით შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ თანხა, რომლითაც 2020 წელს 100 ერთეული პროდუქტის შეძენა იყო შესაძლებელი, დღეს სამზე ნაკლებ პროდუქტს ჰყოფნის.

თურქული ლირა - -85.1%

თურქული ლირა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სავალუტო კრიზისის წინაშე აღმოჩნდა და საერთაშორისო ღირებულების 85% დაკარგა. ვალუტის მკვეთრი გაუფასურება განსაკუთრებით 2021 წელს დაჩქარდა, როდესაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ინფლაციის მიუხედავად, საპროცენტო განაკვეთები მცირდებოდა. სავალუტო კრიზისის პარალელურად, ქვეყანაში ფასების ზრდამ ლირის ადგილობრივი მსყიდველობითი უნარი დაახლოებით 89%-ით შეამცირა. მიუხედავად ინფლაციის გარკვეული შენელებისა, 2026 წელს მისი წლიური მაჩვენებელი კვლავ 30%-ის ფარგლებში რჩებოდა.

იაპონური იენი - -32.9%

იაპონურმა იენმა ბოლო ექვს წელიწადში საერთაშორისო ღირებულების თითქმის მესამედი, 33% დაკარგა და გაუფასურების მაჩვენებლით მესამე ადგილზეა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იაპონიის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნებული დაბალი საპროცენტო განაკვეთებია. მაშინ, როდესაც მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკები ინფლაციის შესაკავებლად განაკვეთებს ზრდიდნენ, იაპონია შედარებით რბილ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებდა. სუსტი ვალუტა იაპონიას უცხოელი ტურისტებისთვის უფრო ხელმისაწვდომ მიმართულებად აქცევს, თუმცა ამავდროულად აძვირებს იმპორტირებულ საკვებსა და ენერგორესურსებს. საინტერესოა, რომ მიუხედავად საერთაშორისო გაუფასურებისა, იენის ადგილობრივი მსყიდველობითი უნარი ინფლაციის შედეგად მხოლოდ 12%-ით შემცირდა.

ინდური რუპია - -18.5%

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მსხვილი ეკონომიკაა, ინდური რუპიის საერთაშორისო ღირებულება 18.5%-ით შემცირდა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყნის ნავთობის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულებაა. ენერგორესურსებზე ფასების ზრდა ინდოეთის საგარეო სავაჭრო ბალანსზე ზეწოლას ახდენს, რაც ეროვნული ვალუტის პოზიციას ასუსტებს. პარალელურად, ინფლაციამ რუპიის ადგილობრივი მსყიდველობითი უნარი დაახლოებით 24%-ით შეამცირა.

სამხრეთ კორეული ვონი - -14.3%

სამხრეთ კორეულმა ვონმა ბოლო ექვს წელიწადში საერთაშორისო ღირებულების 14% დაკარგა. მის გაუფასურებას ხელი შეუწყო პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, საპროცენტო განაკვეთების შემცირებამ და სამხრეთ კორეელი ინვესტორების მიერ კაპიტალის აშშ-ის საფონდო ბაზარზე გადატანამ. ვალუტის გაუფასურების მიუხედავად, ქვეყნის ნახევარგამტარების ინდუსტრია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებზე მზარდი მოთხოვნით სარგებლობს, ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენად რჩება. საანგარიშო პერიოდში ინფლაციამ ვონის ადგილობრივი მსყიდველობითი უნარი დაახლოებით 17%-ით შეამცირა.

ჩინური იუანი - +15.9%

საპირისპიროდ, ყველაზე მეტად გამყარებული ვალუტების ხუთეულში პირველი ჩინური იუანია, რომელმაც 2020-2026 წლებში ღირებულება თითქმის 16%-ით გაზარდა. ჩინეთის ეროვნული ვალუტის გამყარებას ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი და საერთაშორისო ვაჭრობაში მისი მნიშვნელოვანი პოზიცია უწყობს ხელს. ამასთან, პეკინი იუანის გამყარებას გარკვეულწილად ზღუდავს, რათა ჩინური პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი დარჩეს. რეიტინგში ჩინურ იუანს ადგილობრივი მსყიდველობითი უნარის ყველაზე მცირე დანაკარგი აქვს - ინფლაციამ ის დაახლოებით 5%-ით შეამცირა.

ბრაზილიური რეალი - +18.1%

ბრაზილიურმა რეალმა საერთაშორისო ღირებულება 18%-ით გაზარდა. ვალუტის გამყარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ქვეყნის შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, რომლებმაც უცხოელი ინვესტორების ინტერესი გაზარდა. ამასთან, ბრაზილიის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციის - მათ შორის სოიოს, რკინის მადნისა და ნავთობის - მიმართ საერთაშორისო მოთხოვნამ რეალის პოზიციების გამყარებას შეუწყო ხელი. ამავე პერიოდში ინფლაციამ რეალის ადგილობრივი მსყიდველობითი უნარი დაახლოებით 30%-ით შეამცირა.

შვეიცარიული ფრანკი - +21.2%

შვეიცარიულმა ფრანკმა ბოლო ექვს წელიწადში საერთაშორისო ღირებულება 21.2%-ით გაზარდა. ფრანკი ტრადიციულად ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და სტაბილურ ვალუტად მიიჩნევა, განსაკუთრებით გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური გაურკვევლობის პერიოდში. შვეიცარიის პოლიტიკური სტაბილურობა, ძლიერი ფინანსური სისტემა და ჯანსაღი სახელმწიფო ფინანსები ქვეყანას საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველ მიმართულებად აქცევს. ამასთან, შვეიცარიამ რეიტინგში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ინფლაციური დანაკარგი დააფიქსირა - ბოლო ექვს წელიწადში ფრანკის ადგილობრივი მსყიდველობითი უნარი მხოლოდ 7%-ით შემცირდა.

ისრაელის შეკელი - +31.4%

ისრაელის შეკელმა, მიუხედავად ქვეყნის გარშემო არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და რეგიონული კონფლიქტებისა, საერთაშორისო ღირებულება 31%-ზე მეტით გაზარდა. ვალუტის გამყარებას ხელი ისრაელის ტექნოლოგიურმა სექტორმა, ექსპორტის განვითარებამ და ქვეყნის ცენტრალური ბანკის მონეტარულმა პოლიტიკამ შეუწყო. ისრაელის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად ტექნოლოგიური ინდუსტრია და მისი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა მიიჩნევა, რაც უცხოური კაპიტალის მოზიდვასაც უწყობს ხელს. ამავე დროს, 6 წელიწადში ინფლაციამ შეკელის ადგილობრივი მსყიდველობითი უნარი დაახლოებით 16%-ით შეამცირა.

მექსიკური პესო - +32.4%

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად მექსიკური პესო გამყარდა, რომელმაც საერთაშორისო ღირებულება 32%-ზე მეტით გაზარდა. მექსიკურ ვალუტას ხშირად „სუპერ პესოსაც“ უწოდებენ. მის გამყარებას ხელი შედარებით მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა შეუწყო, რომლებმაც უცხოელი ინვესტორებისთვის მექსიკური აქტივები უფრო მიმზიდველი გახადა. ამასთან, აშშ-სთან გეოგრაფიულმა სიახლოვემ და წარმოების პროცესების მომხმარებელ ბაზრებთან დაახლოების ტენდენციამ მექსიკის ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედა. თუმცა ძლიერი პესო ექსპორტიორებისთვის გამოწვევაა, რადგან ადგილობრივი პროდუქცია უცხოელ მყიდველებს შედარებით ძვირი უჯდებათ. პარალელურად, ინფლაციამ მექსიკური პესოს ადგილობრივი მსყიდველობითი უნარი დაახლოებით 26%-ით შეამცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები