ბოლო ათწლეულის განმავლობაში საშობაო დეკორაცია მხოლოდ მყუდროებისა და სადღესასწაულო განწყობის მომტანი ტრადიცია აღარაა, ის გლობალურ სანახაობად გადაიქცა და ახლა, მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ათეულობით მეტრიანი, სვაროვსკის მბზინავი კრისტალებით თუ ბრილიანტებით გაფორმებული ნაძვის ხეები გვხვდება, რომელთა ღირებულება ხანდახან ლუქს კლასის ავტომობილებსაც კი აღემატება.
ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებიდან დაწყებული, საიუველირო სახლებითა და ქალაქის ცენტრებით დამთავრებული, სადღესასწაულო სეზონი ნამდვილი კონკურენციის არენად იქცა - ბრწყინვალებაში, მასშტაბში და სოციალურ ხმაურში.
ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ნაძვის ხეების რეიტინგს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მათ შორის ყველაზე იაფფასიანი ეგრეთ წოდებული სვაროვსკის კრისტალების ტყე - 2013 წელს, ჰონგ-კონგის აეროპორტში განთავსებული ნაძვის ხეა, რომლის ღირებულებამ 1.8 მილიონი დოლარი შეადგინა. 50 ფუტზე მეტი სიმაღლის ნაძვის ხე უბრალო დეკორაცია არ ყოფილა - ის კრისტალური სკულპტურა იყო, რომელმაც ტრანზიტული ჰაბი სადღესასწაულო პოდიუმად აქცია. ინსტალაცია სვაროვსკის ორ მილიონზე მეტი კრისტალისგან შედგებოდა და ასობით ლედ განათებით იყო გაბრწყინებული, რაც სივრცეში თითქმის ჰიპნოზურ ეფექტს ქმნიდა.
შემდეგი მიუნხენის, ოქროს მონეტების ნაძვის ხეა, რომელიც ძვირფასი ლითონების დილერმა კომპანიამ Pro Aurumm-მა წარადგინა, მისი ღირებულება 2.6 მილიონ დოლარად შეფასდა და ნაძვი მთლიანად ოქროს მონეტებისგან იყო შექმნილი. სამ მეტრამდე სიმაღლის კონსტრუქცია 2,018 მყარ ოქროს მონეტას აერთიანებდა, რომლებიც ავსტრიის ზარაფხანაში იყო მოჭრილი. მნიშვნელოვანია, რომ ნაძვი მხოლოდ ფასით არ გამოირჩეოდა - ეს იყო სიმბოლო და იმ პერიოდში, როდესაც ოქროს ფასი იზრდებოდა, კომპანიამ საკუთარი პროდუქტი სადღესასწაულო სანახაობად აქცია, რის შედეგადაც ხელოვნებას, ფუფუნებას და საინვესტიციო მესიჯს შორი ზღვარი წაშალა.
რაც შეეხება იაპონიის 24 კარატიან შედევრს - საიუველირო სახლმა Ginza Tanaka-მ 2012 წელს აქ სრულად სუფთა ოქროსგან დამზადებული, 4.24 მილიონ დოლარად შეფასებული ნაძვის ხე წარადგინა. 2.4 მეტრი სიმაღლისა და 40 კილოგრამი წონის ნაძვი ხელით იყო დამზადებული და ვარსკვლავებით, გულებისა და ანგელოზების ორნამენტებით გაფორმებული. ნაძვი კომპანიის 90 წლის იუბილეს ეძღვნებოდა და ამავე კომპანიის, ტოკიოს მაღაზიაში იყო წარმოდგენილი.
2010 წელს კი, აბუ დაბიში მდებარე Emirates Palace Hotel-მა საშობაო დეკორი მაშინდელ მსოფლიო რეკორდამე მიიყვანა - სასტუმროს მისაღებში განთავსებული ნაძვის ხის ღირებულება 11 მლნ 900 ათასი დოლარი შეადგენდა. 13 მეტრიან ხეს 181 საიუველირო ნაკეთობა - ბრილიანტები, ზურმუხტები, საფირონები და მარგალიტები ამშვენებდა.
2019 წელს კი ეს რეკორდი ესპანეთის სამხრეთში, მარბელიაში მდებარე Kempinski Hotel Bahia-ში წარდგენილმა ნაძვის ხემ მოხსნა, რომლის ღირებულებაც 15 მილიონ დოლარად შეფასდა. ინსტალაციის ავტორი ბრიტანელი დიზაინერი დები ვინგემი იყო - ქალი, რომლის პორტფოლიოშიც ბრილიანტებით დაფარული კაბები და ლუქს ტორტებიც კი შედის. ნაძვი კი ვარდისფერი, წითელი, შავი და თეთრი ბრილიანტებით, ზურმხუტებით, საფირონებით და 24 კარატიანი ოქროთი იყო მორთული.
დღემდე ამ უკანასკნელზე მასშტაბური ნაძვის ხე მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს, თუმცა ყოველწლიურად, სხვადასხვა ქვეყნებში მილიონობით დოლარად შეფასებული ნაძვის ხეები სხვადასხვა დაწესებულებებში ჩნდება ხოლმე და წინა საშობაო პერიოდი მაღალი ღირებულების აქსესუარებით ირთვება.




























