skytrax-მა მიმდინარე წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა. Skytrax 1989 წელს ავიაინდუსტრიის სფეროში კვლევების და კონსულტაციების განხორციელების მიზნით შექმნა.
საუკეთესო ავიაკომპანიის გამოსავლენად მომხმარებლების გამოკითხვა 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის აგვისტომდე პერიოდში მიმდინარეობდა. კვლევის პერიოდში მათ სთხოვეს ავიაკომპანიები რამდენიმე კრიტერიუმით შეეფასებინათ, მათ შორის მომსახურებისა და კომფორტის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ათეულში შემავალი ორი ავიაკომპანია Turkish Airlines და Air France საქართველოში ოპერირებენ. Turkish Airlines საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერი კომპანია, რომელსაც წელს ევროპის მასშტაბით აღდგენის კარგი მონაცემები აქვს.
ამ კრიტერიუმებით პირველ ადგილზე Qatar-ის ავიახაზებია. skytrax-ის თანახმად ათეული ასე გამოიყურება:
1.Qatar Airways
2.Singapore Airlines
3.Emirates
4.ANA All Nippon Airways
5.Qantas Airways
6.Japan Airlines
7.Turkish Airlines
8.Air France
9.Korean Air
10.Swiss International Air Lines
ათეულს მიღმა დარჩა ევროპის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია Lufthansa, რომელსაც skytrax-ის რეიტინგში მე-15 ადგილი უკავია. ასევე ათეულს მიღმა დარჩნენ ამერიკული ავიაკომპანიებიც.
ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამაც [EUROCONTROL] გამოაქვეყნა ევროპული ავიაკომპანიების რეიტინგი ფრენების მიხედვით. 9 თვის მონაცემებით, ევროპაში შესრულებული რეისებით Ryanair ლიდერობს. ის იანვარ-სექტემბერში დღიურად საშუალოდ 2 854 ფრენას ასრულებდა, რაც 9%-ით აღემატება პანდემიამდე ნიშნულს. მეორე ადგილზეა easyJet დღიურად საშუალოდ 1 367 შესრულებული ფრენით, რაც 2019 წელთან შედარებით 21%-ით ნაკლებია. მესამე ადგილს თურქეთის ეროვნული ავიაკომპანია Turkish Airlines იკავებს, რომელიც 9 თვეში საშუალოდ 1 253 ფრენას ასრულებდა, ეს მაჩვენებელი პანდემიამდელი მაჩვენებლის 8%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება Wizz Air Group-ს, მისი დღიური საშუალო ფრენების მაჩვენებელი 660-ს შეადგენს. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ავიაკომპანიამ ფრენები 12-ით გაზარდა.