დღევანდელ სამყაროში, ბიზნესგანათლება კრიტიკულ ზღვარზე დგას. ხელოვნური ინტელექტის, ტექნოლოგიების და ადამიანური კაპიტალის ბაზრის სწრაფი განვითარების ფონზე, უნივერსიტეტები ბიზნესის სწავლებისადმი მიდგომებს ცვლიან, სწავლების ტრადიციულ მეთოდებზე თანდათანობით უარს ამბობენ და სტუდენტებს ახლებურ მიდგომებს სთავაზობენ.
განათლების სექტორში არსებული ტენდენციები Bloomberg-ის უახლეს რეიტინგში აისახა, რომელიც გამოცემამ ახლახან განაახლა. ძირძველ მოთამაშეებთან ერთად, Bloomberg-ის რეიტინგში ახალ სახელებსაც ვხვდებით, რომლებიც პოზიციებს ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ იმყარებენ.
დღეს, სწორედ მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესსკოლებს გაგაცნობთ. აღნიშნული რეიტინგის შედგენის დროს, Bloomberg-ის გუნდი ხუთ ძირითად პარამეტრს ეყრდნობა, ესენია: შემდგომი ანაზღაურება, სწავლების ხარისხი, ნეთვორქინგის შესაძლებლობები, მეწარმეობა და ინკლუზიურობა, მაგრამ ეს უკანასკნელი მხოლოდ ამერიკული უნივერსიტეტებისთვისაა რელევანტური. თითოეული ინდექსის წონა განისაზღვრება მონაწილეთა პრიორიტეტების მიხედვით, ხოლო საბოლოო შედეგი ასახავს არა მხოლოდ აკადემიურ დონეს, არამედ იმ რეალურ დოვლათს, რომელსაც პროგრამა სტუდენტს უქმნის.
ჯამური შეწონილი ქულით მსოფლიოში პირველ ადგილს კვლავ ბოკონის უნივერსიტეტი იკავებს, რომელიც ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში უდავო ლიდერია. მილანის შუაგულში მდებარე ეს სასწავლებელი პირველი იყო იტალიაში, რომელმაც ეკონომიკის მიმართულებით აკადემიური ხარისხი დანერგა. მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა ბოკონიში 1971 წელს დაფუძნდა და დღემდე მაღალი აკადემიური სტანდარტებით გამოირჩევა. Bloomberg-ის რეიტინგის ხუთ ინდექსს შორის ბოკონი განსაკუთრებით მიმზიდველია კარიერული წინსვლის და შემოსავლების თვალსაზრისით. ამასთან, ბოკონის უპირატესობას მილანში მდებარეობაც უსვამს ხაზს, რადგან უნივერსიტეტის ბევრი კურსდამთავრებული მაღალი მოდის და ელექტრონული კომერციის მიმართულებით საქმდება.
სტენფორდის უნივერსიტეტი კვლავაც ლიდერია ამერიკულ ბიზნესსკოლებს შორის. სტენფორდი ტექნოლოგიურობით არის სახელგანთქმული, რასაც დიდწილად მისი გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს. სტენფორდის უნივერსიტეტი სილიკონის ველზე მდებარეობს, რაც სტუდენტებს ნეთვორქინგის და მეწარმეობის განვითარების უკიდეგანო შესაძლებლობებს აძლევს. როგორც სტენფორდში ამბობენ, რაც უნდა განსხვავებული ან უჩვეულო იდეა გქონდეს სტენფორდის ბიზნესსკოლაში ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, ვინც მოგისმენს და მის განხორციელებაში დაგეხმარება.
ლოზანაში მდებარე IMD Business School-ი მეორე ადგილს უკავებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ბიზნესსკოლებს შორის. უნივერსიტეტი ლიდერობაზე ორიენტირებული პროგრამებით და მოქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მოდელითაა ცნობილი. IMD-ში განათლება პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება, ანუ სტუდენტები გადაწყვეტილებების მიღების უნარს რეალურ ბიზნესსიტუაციებში ავითარებენ. 2023 წელს, IMD-მ კურსდამთავრებულთა საერთაშორისო ასოციაცია დააფუძნა, რომელიც 180-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს.
პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლა წელსაც ამერიკული ბიზნესგანათლების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ცენტრად რჩება. ფილადელფიაში მდებარე ეს სკოლა განსაკუთრებით გამოირჩევა ფინანსური პროგრამებით, რომლებიც მკაცრი სტანდარტებით და შეფასების გამჭვირვალე სისტემით ხასიათდება. კურსდამთავრებულთა ძლიერი და მჭიდრო ქსელი კი, სტუდენტებს გლობალურ ბაზარზე დასაქმებას უმარტივებს. ამასთან, პენსილვანიის უნივერსიტეტის სტუდენტებს კარგი შედეგები აქვთ შემოსავლის გაზრდის კუთხით.
ბარსელონაში მდებარე IESE Business School-ი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეიტინგში მესამე პოზიციას იკავებს, გლობალურად კი ის მეხუთე საუკეთესო ბიზნესსკოლაა. ის განსაკუთრებულადაა შეფასებული ეთიკური ლიდერობის და გლობალურ ხედვაზე დაფუძნებული სწავლების მიდგომის მიხედვით. უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ლიდერების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც არამხოლოდ პროფესიონალურად, არამედ მორალურადაც მტკიცენი არიან. IESE განსაკუთრებით ცნობილია თავისი Executive Education-ის პროგრამებით, ხოლო სტუდენტები აღნიშნავენ მის თბილ, მხარდამჭერ და კოლაბორაციულ საზოგადოებას, სადაც აკადემიური განვითარება თანხვედრაშია ადამიანურ ღირებულებებთან.

























