მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უდიდესი მეგაპოლისები - ურბანიზაციის ახალი ეპოქა

 გუანჯოუ

ურბანიზაცია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი გლობალური ტენდენციაა. პროგნოზების მიხედვით, 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის 68% ქალაქებში იცხოვრებს, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა დღევანდელ 55%-იან მაჩვენებელთან შედარებით. ეს პროცესი განსაკუთრებით თვალსაჩინოა აზიაში, სადაც ეკონომიკურმა ბუმმა და ინდუსტრიალიზაციამ გიგანტური ურბანული აგლომერაციების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

"მსოფლიო ქარხანად” წოდებული ჩინეთის ეკონომიკური აღმავლობის საუკეთესო ილუსტრაცია გუანჯოუა. 1975 წლიდან დღემდე ქალაქის მოსახლეობა კოლოსალურად, 1,948%-ით გაიზარდა და დღეს აქ დაახლოებით იმდენივე ადამიანი ცხოვრობს, რამდენიც მთლიანად კანადაში. გუანჯოუ ჰონკონგის ჩრდილოეთით მდებარეობს და უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბს წარმოადგენს. ქალაქი გლობალური წარმოების ცენტრია, სადაც თავს ავტომწარმოებლები, ელექტრონიკისა და ტექსტილის გიგანტები იყრიან. სწორედ აქ ტარდება ცნობილი „კანტონის ბაზრობაც“, რაც მას საერთაშორისო ვაჭრობის ეპიცენტრად აქცევს.

ჯაკარტა ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე მდებარეობს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკის გულია. ბოლო 50 წლის განმავლობაში მისი მოსახლეობა 29 მილიონით გაიზარდა. ქალაქი რეგიონის ფინანსურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენს, თუმცა ის სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას - ინფრასტრუქტურული გადატვირთულობისა და გრუნტის წყლების ჭარბი მოხმარების გამო ქალაქი ნელ-ნელა იძირება. მიუხედავად ამისა, ჯაკარტა უმძლავრეს ეკონომიკურ ძრავად რჩება, სადაც ქვეყნის საბანკო სექტორი და მომსახურების სფეროა თავმოყრილი.

დაკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, რომლის მოსახლეობის ზრდის ტემპმა 1975 წლიდან 677%-ს მიაღწია. ბანგლადეშის დედაქალაქი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრია. მისი ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა ტექსტილისა და ტანსაცმლის წარმოებაა, რაც ქვეყნის მთლიანი საექსპორტო შემოსავლის ლომის წილს შეადგენს. ქალაქი ასევე ცნობილია თავისი ქაოსური სატრანსპორტო სისტემითა და არაფორმალური ეკონომიკის მაღალი წილით, თუმცა ის სწრაფად ვითარდება და იზიდავს მილიონობით ადამიანს სოფლებიდან უკეთესი დასაქმების ძიებაში.

ტოკიო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს უდიდესი ქალაქის ტიტულს ატარებდა. თუმცა, სხვა აზიური მეგაპოლისებისგან განსხვავებით, აქ მოსახლეობის ზრდა შენელებულია რაც იაპონიის დემოგრაფიულ დაბერებას ასახავს. მიუხედავად ამისა, ტოკიო რჩება პლანეტის ერთ-ერთ უმდიდრეს და ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებულ ქალაქად. ის არის გლობალური ფინანსების, მაღალი ტექნოლოგიების, რობოტიკისა და ინოვაციების ცენტრი. ტოკიოს აგლომერაცია ქმნის იმდენ დოვლათს, რაც ბევრი განვითარებული ქვეყნის ეკონომიკას აღემატება.

ინდოეთის დედაქალაქი სწრაფად მზარდი ურბანული მონსტრია, რომლის მოსახლეობაც 1975 წლიდან თითქმის 400%-ით გაიზარდა. ნიუ-დელი ქვეყნის ადმინისტრაციული და პოლიტიკური ცენტრია, თუმცა ბოლო წლებში ის კომერციულ ჰაბად ჩამოყალიბდა. ქალაქის ეკონომიკა მომსახურების სფეროს, ტელეკომუნიკაციებს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და ტურიზმს ეფუძნება. პროგნოზების მიხედვით, 2030 წლისთვის დელის მოსახლეობა კიდევ უფრო გაიზრდება, რასაც ხელს უწყობს როგორც შიდა მიგრაცია, ისე მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები