მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უმდიდრესმა მეწარმეებმა $11 მილიარდის აქციები გაყიდეს

bezos-zuck-dimon

ამჟამად ამერიკული საფონდო ბირჟა ისტორიულ მაქსიმუმზეა, თითქმის ყველაფრის ფასი იზრდება და ზოგიერთი კომპანია ახალ რეკორდსაც ამყარებს. ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე, ერთი უცნაური რამ ხდება - მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეები და ბიზნესმენები თავიანთი კომპანიების აქციებს აქტიურად ყიდიან, ანუ აქტივებს ანაღდებენ.

საერთო ჯამში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მათ დაახლოებით 11 მილიარდი დოლარის აქციები გაყიდეს. ამ სიის სათავეში Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია, რომელმაც ერთ კვირაში 8.5 მილიარდი დოლარის ღირებულების Amazon-ის აქციები გაყიდა. ცხადია, ბეზოსი პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, რომელიც თითქმის $190 მილიარდის ქონებას ფლობს, თუმცა ის ამ თანხას საბანკო ანგარიშზე არ ინახავს. შესაბამისად, როდესაც მას ნაღდი ფულის მიღება სურს, ბირჟაზე საკუთარი კომპანიის აქციების გაყიდვა უწევს.

ანალოგიურ გადაწყვეტილებამდე მივიდა Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგიც. მან ბირჟაზე 638 მილიონი დოლარის ღირებულების Meta-ს აქციები გაყიდა.

სიაში ასევე ვხედავთ უოლტონების ოჯახის წარმომადგენლებს, რომლებიც Walmart-ის უმსხვილესი აქციონერები არიან. საერთო ჯამში, ამერიკული საოჯახო იმპერიის წევრებმა 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაასხვისეს.

აქვე უნდა ვისაუბროთ მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის, JPMorgan-ის დირექტორზე, ჯეიმი დაიმონზე, რომელმაც 150 მილიონი დოლარის აქციები გაყიდა, ასეთი გადაწყვეტილება დაიმონს ბოლო 18 წელია არ მიუღია, ანუ რაც ის კომპანიის CEO-ს პოზიციაზე დაინიშნა.

რატომ ყიდიან უმდიდრესი ბიზნესმენები თავიანთი კომპანიების აქციებს, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ასეთი ტრანზაქციების რაოდენობა იზრდება და ეს ფაქტი ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.