მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოში ოქრო იაფდება – საქართველოში არა

57fe387c10fef
BM.GE
12.10.16 17:18
3814
ოქროს ფასი 2015 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელზე დაფიქსირდა.
ნიუ იორკის Comex-ის ბირჟაზე ოქროს ფიუჩერსები თითქმის თითქმის 6%-ით დაეცა და უნციაზე 1252,4 დოლარამდე შემცირდა. ანალოგიური ტენდენცია შეინიშნება ვერცხლის ფასთან მიმართებაშიც, სადაც გასული კვირის ბოლოს ვეცხლის ფასი რეკორდული 9.6%-ით დაეცა.

Goldman Sachs-ის ექსპერტები კი ამბობენ, რომ ოქროს ფასის მკვეთრი ვარდნა მიმდინარე წლის დეკემბერში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საბაზისო განაკვეთის სავარაუდო ზრდას უკავშირდება.

Goldman Sachs-ის ახალი ანგარიშის თანახმად, თუ ოქროს ღირებულება უნციისთვის 1 250 აშშ დოლარზე ნაკლები იქნება, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ძვირფას მეტალში ინვესტირებისთვის.

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის შესაძლო გადაწყვეტილების მიუხედავად, ოქროზე მოთხოვნა არ შემცირდება.

ინვესტორები კი მიიჩნევენ, რომ ოქროს ფასის ვარდნის ტენდენცია უახლოეს მომავალში შენარჩუნდება, რადგან მდგრადობა აშშ-ის შრომის ბაზარზე და მომსახურების სექტორში აქტივობის ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ მსოფლიო ეკონომიკა სტაგნაციიდან გამოდის.

„კომერსანტი" დაინტერესდა, თუ რა გავლენა მოახდინა მსოფლიოში ოქროს გაიაფებამ საქართველოს ბაზარზე.

თბილისის ოქროს ბირჟაზე „კომერსანტს" განუცხადეს, რომ არც ოქროსა და არც სხვა ძვირფასი ლითონებზე ფასი არ შემცირებულა.

„კარგა ხანია ჩვენთან ფასები არ შეცვლილა, საშუალოდ ბაჯაღლო 98 ლარი ღირს და ოქრო 56. შესაძლოა, ერთ დღეს მაქსიმუმ 1-2 ლარით გაიაფდეს ოქრო, მაგრამ მერე ისევ იმატებს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მნიშვნელოვანი შემცირება არ მომხდარა",-აცხადებს ერთ-ერთი გამყიდველი.

ოქროს სამკაულების მწარმოებელ კომპანია „ზარაფხანაში" კი აცხადებენ, რომ ოქროს ფასი არა თუ მცირდება, პირიქით იზრდება, მაგრამ რეალიზაციის ფასზე ჯერ-ჯერობით მაღალი ფასი არ ასახულა.

„ოქროს ფასი ჩვენთან იზრდება, მაგრამ ამ დროისთვის ისეთი ზრდა არ ფიქსირდება, რომ მომხმარებლებს ჩვენი სამკაულები გავუძვიროთ, ამიტომ ფასი უცვლელია",-უთხრა კომერსანტს „ზარაფხანას" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ბაია თორაძემ.

commersant.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები