საერთაშორისო კომპანიამ Euromonitor International-მა, ახალი ანგარიში გამოქვეყნა, სადაც მსოფლიო ტურიზმის განვითარების პერსპექტივებია მოცემული. მათი პროგნოზების მიხედვით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტურისტების რაოდენობა წელს 5%-ით გაიზრდება და 1,4 მილიარდს მიაღწევს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ტურისტების რაოდენობა ამერიკაში და იაპონიაში 11-11%-ით გაიზრდება. მსგავს ზრდას ევროკავშირის ქვეყნებშიც ელოდებიან. 2018 წელს საერთო ტურისტული გაყიდვების 2,5 ტრილიონ ამერიკულ დოლარამდე გაზრდას ელოდებიან. ამ დროისთვის, ე.წ. ოფლაინ გაყიდვები, მთლიანი ტურისტული გაყიდვების ნახევარი, ანუ 50%-ია. თუმცა, ანგარიშს ავტორების პროგნოზით, 2023 წლამდე ეს ტენდენცია შეიცვლება და ტურიზმის სექტორში ონლაინ გაყიდვები უფრო მნიშვნელოვან როლს შეიძენს და ოფლაინ გაყიდვებს გადააჭარბებს. ყველაზე ხშირად მოგზაურობის მოყვარულები საფრანგეთს სტუმრობენ. მხოლოდ 2018 წელს ეს ქვეყანა 89 მილიონმა ვიზიტორმა მოინახულა. თუმცა ასეთი უპირატესობის მიუხედავად, ექსპერტები მაინც ამბობენ, რომ ამ ქვეყანამ შესაძლოა ყველაზე მონახულებადი ქვეყნის სტატუსი დაკარგოს.
2030 წლისთვის შესაძლოა ჩინეთი ტურიზმის ცენტრი გახდეს და მრავალი წლის ლიდერს, საფრანგეთს, ყველაზე მონახულებადის სტატუსი ჩამოართვას. მიზეზად კი აზიის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა სახელდება, იზრდება მათი ეკონომიკა და მატულობს საშუალო კლასის ადამიანების რაოდენობაც. ამ გათვლებით კი ჩინეთის სტუმრობას სულ უფრო ხშირად ვიეტნამის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის მოქალაქეები დაიწყებენ.
ამ დროისთვის ყველაზე აქტიური მოგზაურები კი აშშ-ს და გერმანიას ჰყავს, რომელთაც ჩინეთი მოსდევს. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ შემდეგი ათწლეულის ბოლოს, განსხვავებული სურათი გვექნება და ყველაზე მეტი აქტიური მოგზაური ჩინეთს ეყოლება. 2018 წელს ჩინეთის 100 მილიონი მოქალაქე სხვა ქვეყანებს ესტუმრა, ეს რიცხვი კი ანგარიშის მიხედვით 2030 წლისთვის 250 მილიონამდე გაიზრდება, რითაც ჩინეთი შეძლებს აშშ-სა და გერმანიას გადაუსწროს.