მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მედია ბრენდი Google-ია, ყველაზე ძლიერი კი - WeChat

626bfc5f31cdb
გიორგი თოლორდავა
30.04.22 00:00
1669
საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-ის განახლებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული გლობალური მედია ბრენდების რეიტინგში პირველ ადგილს ისევ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი - Google იკავებს.

ბრენდის სარეიტინგო ღირებულება კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციისგან განსხვავებული მაჩვენებელია. ანალიტიკოსები კომპანიის რეპუტაციის, იმიჯისია, გავლენისა და მომხმარებელთა რაოდენობის გათვალისწინებით უშუალოდ ბრენდის თეორიულ ღირებულებას ანგარიშობენ, რომელიც რიგ ფუნდამენტურ ფაქტორებს არ ითვალისწინებს.

კომპანია Google-ის რეალური საბაზრო ღირებულება 1.54 ტრილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა მხოლოდ მისი ბრენდი 263 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების რეიტინგში მეორე ადგილს Facebook იკავებს ($101 მლრდ); მესამე ადგილზე ჩინური WeChat-ია ($62 მლრდ); მეოთხეზე - ასევე ჩინური TikTok ($59 მლრდ); ხოლო მეხუთე ადგილს $57-მილიარდიანი შეფასებით Disney იკავებს.

აღსანიშნავია, რომ მედია ბრენდების საუკეთესო ათეულში 8 ტექნოლოგიური პლატფორმაა და მხოლოდ ორია ტრადიციული მედია ბრენდი - Disney და Universal.

Google-ის ბრენდის ღირებულება მიმდინარე წელს 37.8%-ით გაიზარდა, რაც მისი სერვისების მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასთან და მათ ლოიალურობასთანაა დაკავშირებული.

აღსანიშნავია კომპანია Twitter-ი, რომლის ბრენდის ღირებულებაც, ანალიტიკოსების შეფასებით, წელს დაახლოებით 85%-ით, 5.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა - ზემოხსენებული სტატისტიკა კი არ ითვალისწინებს Twitter-ით ილიონ მასკის დაინტერესების პერიოდს.

Brand Finance-ის შეფასებით, ყველაზე ძლიერი გლობალური მედია ბრენდი WeChat-ია, რომელსაც სიძლიერის რეიტინგში 93.3/100 ქულა აქვს. WeChat-ის სიძლიერე პირდაპირ კავშირშია მის გავლენასთან და დაფარვის ზონასთან - ის ჩინეთის მასშტაბით ყველაზე პოპულარული პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სოციალურ ქსელს, საკომუნიკაციო საშუალებას, მობილურ ბანკს, სანავიგაციო სისტემას, გასართობ და საინფორმაციო სერვისებს.

ექსპერტების შეფასებით, WeChat-ს ჩინეთის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში საკვანძო როლი აკისრია, უახლოეს მომავალში მისი კონკურენტების მიერ ჩანაცვლება კი პრაქტიკულად გამორიცხულია.

ყველაზე ძლიერი ბრენდების რეიტინგში მეორე ადგილს Google იკავებს, მესამეს - YouTube, მეოთხეზე სამხრეთ კორეული Naver-ია, მეხუთეზე კი - Instagram.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები