Atlantic Council-მა განახლებული თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა და 171 სახელმწიფოში ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო შეაფასა. როგორც ჩანს, 93.7 ქულით რეიტინგის ლიდერის პოზიცია დანიამ დაიკავა.
რაც შეეხება ყველაზე თავისუფალი ქვეყნების ათეულს, დანიის შემდეგ სიაში ლუქსემბურგი და შვედეთი განაწილდნენ, ხოლო ხუთეულს ფინეთი და შვეიცარია ასრულებენ. ამასთან, ტოპ-10 სახელმწიფოს შორის ირლანდია, ესტონეთი და ავსტრალია მოხვდნენ. საყურადღებოა, რომ რეიტინგის მოწინავე პოზიციებს გერმანია და ნორვეგია ხურავენ.
პარალელურად, ყველაზე ნაკლებად თავისუფალი სახელმწიფოების სიის ბოლო პოზიციაზე 19.0 ქულით ავღანეთი გავიდა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ანტირეიტინგის ათეულში თურქმენეთი, ერიტრეა და იემენიც მოხვდნენ. არათავისუფალ ქვეყნებს შორის მიანმარი, სუდანი და სირიაც სახელდებიან.
ახალ რეიტინგში თავისუფლების მაჩვენებლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ვარდნა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა. დღევანდელი მდგომარეობით, აშშ 79.9 ქულით საერთო რეიტინგში 37-ე ადგილს იკავებს.
საქართველოს რაც შეეხება, ის 66.6 ქულით 171-ქვეყნიან რეიტინგში 73-ე ადგილს იკავებს, რაც დაწინაურებას წარმოადგენს.
ყველაზე მეტად თავისუფალი ქვეყნები:
1. დანია
2. ლუქსემბურგი
3. შვედეთი
4. ფინეთი
5. შვეიცარია
ყველაზე ნაკლებად თავისუფალი ქვეყნები:
1. ავღანეთი
2. თურქმენეთი
3. ერიტრეა
4. იემენი
5. მიანმარი





















