საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 12 ოქტომბრიდან რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იცვლება.
როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები და დაიწყო მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები.
"სპეციალური რეჟიმი უქმდება მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის და შესაბამისად, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მათი გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.
მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით. შესაბამისად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება რიკოთზე დაშვებული იქნება ორმხრივად, 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.
ამასთან, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გაგრძელდება 24 საათიანი მონიტორინგი.
სპეციალური რეჟიმი რიკოთის საავტომობილო გზაზე მიმდინარე წლის აპრილიდან მოქმედებს", - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, „ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი რიკოთის მონაკვეთზე დაწესდა მას შემდეგ, რაც თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან (რიკოთის მონაკვეთი), მონიტორინგის შედეგად, დაფიქსირდა ნაპრალები. ეს უბანი მდებარეობს არა ახალ აშენებულ, არამედ არსებულ გზასთან 200 მეტრის სიახლოვეს.
"სპეციალისტების დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა ნაპრალების ზრდა და მეწყრული პროცესის გააქტიურების რისკები, რის გამოც დაიგეგმა კვლევები და შემუშავდა გზაზე გადაადგილების ისეთი რეჟიმი, რომელიც, მეწყრული პროცესების გააქტიურების პირობებში, დაუყოვნებლივ რეაგირებას და შესაძლო საფრთხის შემცირებას უზრუნველყოფდა. დაიწყო შესაბამისი კვლევები და პარალელურად, აღნიშნულ უბანთან გაფართოვდა გზა იმისთვის, რომ გაორმაგებულიყო ე.წ. მიწის დამგროვებელი. ამასთან, დაწესდა 24-საათიანი მონიტორინგი", - აცხადებდნენ გზების დეპარტამენტში ჯერ კიდევ ივნისის თვეში.
bm.ge საკითხზე მოკვლევის შედეგების შესახებ გზების დეპარტამენტს დამატებითი კითხვებით მიმართავს და პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.