"მსურს გულწრფელი თანაგრძნობა გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ყველა სამშენებლო ობიექტზე მაქსიმალურად იყოს დაცული შრომისა და ადამიანების უსაფრთხოება“ – ეს "ქართული ოცნების" ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სოფელ წკერეში განაცხადა, სადაც ქვეშეთი-კობის გზის მშენებელი ერთ-ერთი კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, სოხაძემ დეტალური ინფორმაცია მოისმინა 23 ნოემბერს გზის მშენებლობისას მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ. მან ასევე დაათვალიერა ის უბანი, სოფელ წკერესთან, სადაც საყრდენი კედლის მოწყობისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
„შესაბამისი კონტრაქტებით, პასუხისმგებლობას სრულად იზიარებენ როგორც სამუშაოების მწარმოებელი, ისე საზედამხედველო კომპანიები. სამინისტრო და საგზაო დეპარტამენტი დეტალურად სწავლობენ მომხდარს. შინაგანმა საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება. როდესაც გამოვლინდებიან პასუხისმგებელი პირები, ისინი კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს“ – განაცხადა მან.
მისივე თქმით, საგზაო დეპარტამენტმა გუშინვე გაავრცელა განცხადება მომხდართან დაკავშირებით და გააკეთებს მაქსიმალურს, რათა კონტრაქტორმა კომპანიებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება სრულად შეასრულონ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამუშაოების ხარისხი და ვადების მკაცრი დაცვა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხო შრომის პირობები,“ – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
გუშინ, 23 ნოემბერს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, ოთხი ადამიანი დაიღუპა ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად.




























