„მთავარი არხის“ გაჩერება ხდება გვარამიას მითითებითა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის თვითნებური, კანონგარეშე გადაწყვეტილებით და ჩემი დისკრედიტაციის მიზნით აქვეყნებენ განცხადებას, თითქოს ტელეკომპანია „მთავარ არხს“ ვაჩერებ, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
BM.GE განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"იმ დროს, როდესაც ერთი მხრივ საქართველოში მწვავე ვითარებაა და მეორე მხრივ, მე სასამართლო პროცესები მაქვს ლონდონსა და სტოკჰოლმში ივანიშვილისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ, ნიკა გვარამია მიზანმიმართულად დაგეგმილი მოქმედებებით იძულებულს მხდის დავკავდე საპასუხო განცხადებებით.
„მთავარი არხის“ გაჩერება ხდება გვარამიას მითითებითა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის თვითნებური, კანონგარეშე გადაწყვეტილებით და ჩემი დისკრედიტაციის მიზნით აქვეყნებენ განცხადებას, თითქოს ტელეკომპანია „მთავარ არხს“ ვაჩერებ.
„მთავარი არხის“ მაუწყებლობის შეჩერებასა და ამ განცხადების გავრცელებას წინ უძღოდა „მთავარი არხის“ შემოთავაზება:
რომ საწყისად 1 მილიონს გადაიხდიდნენ, სანაცვლოდ ჩემგან წარდგენილ დირექტორ გიორგი ქურდაძეს ეროვნულ ბანკსა და პროკურატურაში უნდა განეცხადებინა, რომ გაერკვა სიტუაციაში და აღარ ფიქრობს, რომ არხზე დანაშაულებებს ჰქონდა ადგილი. ამასთან, გიორგი ქურდაძეს ხელი უნდა მოეწერა მათ მიერ შედგენილ კანონგარეშე დოკუმენტებზე. უარის შემთხვევაში ჩემს საწინააღმდეგო კამპანიას ახალი ძალით ააგორებდნენ.
ჩემი, როგორც დამფუძნებლის მოთხოვნა დღესაც უცვლელია: შეჩერდეს „მთავარ არხზე“ მიმდინარე კანონგარეშე ფინანსური ოპერაციებით თანხების მიტაცება, თაღლითობა, ფულის გათეთრება, შეიცვალოს გენერალური დირექტორი და ამ პოზიციაზე გიორგი გაბუნიას ნაცვლად პროფესიონალი და საზოგადოებისათვის სანდო პიროვნება აირჩეს. ნიკა გვარამიას მხრიდან „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის პოსტზე დასახელებული მისი მეუღლე სოფო ლილუაშვილი ჩემთვის არ არის მისაღები.
ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ შეუფერხებლად და კანონიერად უნდა განაგრძოს მუშაობა.
არხის არაფორმალური მმართველის ნიკა გვარამიას მითითებით, კანონმდებლობისა და „მთავარი არხის“ წესდების სრული დარღვევით თვითნებურად იქნა გაჩერებული „მთავრი არხის“ მაუწყებლობა, რაც ჩემი იურიდიული გუნდის - ბრიტანელი და ამერიკელი ადვოკატების - სამსჯელო გახდება", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 27 იანვარს ტელეკომპანიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ არხი ყველა მომხმარებლისთვის გაითიშა როგორც რეგიონებში, ასევე საზღვარგარეთ, რადგან ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორი, გოგი ქურდაძე უარს ამბობს სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის თანხის გადარიცხვაზე.
„მთავარი არხის“ თანადამფუძნებელი და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ არხს ფული აქვს და მის ხარჯვას ზაზა ოქუაშვილი აჩერებს.