მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავარი გამოწვევა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასებია - "რუსთავის აზოტის" გენდირექტორი

ინდორამა

“რუსთავის აზოტი ინდორამა” მთავარ გამოწვევად ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასებს ასახელებს. კომპანიის გენერალური დირექტორი ჯეი ჯაჯო BMG-სთან ამბობს, რომ წარმოების პროცესში ერთ-ერთი ძირითადი ნედლეული ბუნებრივი აირია, რომელსაც კომპანია აზერბაიჯანისგან ყიდულობს.

თავის მხრივ, კი “რუსთავის აზოტს” კონკურენციის გაწევა უწევს რეგიონულ მოთამაშეებთან, სადაც ბუნებრივი აირის ფასები გაცილებით დაბალია, რაც კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას ამცირებს. პრობლემურია ელექტროენერგიის ფასიც, რომელიც პირდაპირ მომხმარებლებს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუძვირდათ. ენერგეტიკული რესურსების გაზრდილი ფასი კი, საბოლოო ჯამში, თვითღირებულებაზე აისახება.

“მთავარი გამოწვევა ბუნებრივი აირის ფასია, რომელიც ჩვენი ძირითადი ნედლეულია. აირს აზერბაიჯანიდან ვიღებთ და კონკურენციას ვუწევთ რუსულ და სხვა რეგიონულ მწარმოებლებს, სადაც გაზის ფასი ჩვენთან შედარებით, ძალიან დაბალია. ეს ართულებს კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას. მეორე საკითხია ელექტროენერგიის ფასი, რომელიც ბოლო 3-4 წლის ტენდენციით, ძვირდება. ეს კი თვითღირებულებაზე აისახება. ჩვენ ელექტროენერგიას ვყიდულობთ „ენერგო-პროსგან“ და სხვა მომწოდებლებისგან, ღია ბაზარზე. თუმცა, ფასი ყოველწლიურად, 2-3%-ით იზრდება, მოხმარება კი 5-6%-ით, ახალი გენერაციის ობიექტები კი ბაზარზე საკმარისად არ ჩნდება. მოთხოვნა მეტია, ვიდრე მიწოდება. ვფიქრობ, ახალი ობიექტები უნდა აშენდეს, რათა წარმოებული პროდუქციის ფასი შენარჩუნდეს” - ამბობს ჯეი ჯაჯო BMG-სთან.

მისივე შეფასებით, წარმოებისთვის, ასევე გამოწვევაა გარკვეული გეოპოლიტიკური რისკებიც, რაც ბაზარზე ვოლატილობას იწვევს.

სს რუსთავის აზოტი ამიერკავკასიაში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელი უმსხვილესი საწარმოა. კომპანია 2023 წლიდან კორპორაცია “ინდორამას” ნაწილია, რომელიც, თავის მხრივ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მასალების გლობალური მწარმოებელია, რაც მოიცავს მინერალურ სასუქებს, პოლიმერებს, ბოჭკოებს, ძაფებს და სამედიცინო ხელთათმანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები