მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავარი გამოწვევა ღვინის ხარისხია. ზუსტად ამას პასუხობს მიღებული გადაწყვეტილებები | დავით სონღულაშვილი

დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, დღეს მთავარი გამოწვევა ღვინის ხარისხია და სახელმწიფოს მიერ ბოლო მიღებული გადაწყვეტილებები ამას პასუხობს. დავით სონღულაშვილის თქმით, ღვინის გლობალური ბაზარი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის, რაც ღვინის მწარმოებელი ქვეყნების წინაშე ახალ გამოწვევებს ქმნის. ის ამბობს, რომ ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფა იწყება ვენახიდან და ხარისხიანი ყურძნის წარმოებიდან.

„ეს არის ერთიანი ჯაჭვი. თუ მევენახეს არ ექნება მოტივაცია, აწარმოოს ხარისხიანი ყურძენი, მეღვინეს გაუჭირდება შესაბამისი ხარისხის ღვინის წარმოება. დღეს უკვე გარემო შეიცვალა და იმ ეტაპზე ვართ, როდესაც მთავარი გამოწვევა ხარისხია. ზუსტად ამას პასუხობს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მივიღეთ“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, მეღვინეობა-მევენახეობის სექტორის განვითარების ახალ ეტაპზე მთავარი ამოცანაა, რაოდენობაზე ორიენტირებული მიდგომა ეტაპობრივად შეიცვალოს ხარისხზე ორიენტირებული წარმოებით, რაც ქართულ ღვინოს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

მინისტრის განცხადებით, მსოფლიოში ღვინის მოხმარების შემცირების ტენდენცია გავლენას ახდენს თითქმის ყველა ღვინის მწარმოებელ ქვეყანაზე და შესაბამისად, ქართული მეღვინეობის განვითარების პოლიტიკაც ახალ რეალობას უნდა მოერგოს.

„ღვინის სექტორი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის. 1961 წლის შემდეგ ღვინის მოხმარების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და ეს, თავისთავად ცხადია, გავლენას ახდენს ღვინის მწარმოებელ ქვეყნებზე. ჩვენც მზად უნდა ვიყოთ ამ გამოწვევებისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ღვინის ექსპორტი ამ ეტაპზე სტაბილურია და მცირე ზრდაც ფიქსირდება, თუმცა არსებული ვითარება სექტორის განვითარების მიმართულებების გადახედვას და ხარისხზე კიდევ უფრო მეტ აქცენტირებას მოითხოვს.

„ის, რომ ქართული ღვინის ექსპორტი სტაბილურია და მცირე ზრდაც გვაქვს, არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ მომავალ გამოწვევებს ყურადღება არ მივაქციოთ. გარდაუვალია ცვლილებები და იმისთვის, რომ მზად ვიყოთ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ღვინის ხარისხი. ღვინის სამშობლოსთან ერთად, ჩვენ უნდა გვქონდეს ხარისხობრივი უპირატესობაც“, - აღნიშნა მინისტრმა.


მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან მეღვინეობის სექტორში მომსახურების ტარიფები გაიზარდა. კერძოდ, შეიცვალა ღვინის ეროვნული სააგენტოს მომსახურების საფასური, რომლითაც ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებლები სარგებლობენ. მაგალითად, საექსპორტო/იმპორტირებულ პროდუქციაზე სერტიფიკატის გაცემა 1 სამუშაო დღის ვადაში 450 ლარიდან 650 ლარამდე გაძვირდა, წარმოების ტექნოლოგიური ინსტრუქციის შეთანხმება თითოეულ დასახელებაზე 450 ლარის ნაცვლად 650 ლარი ეღირება, ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო პროდუქციაზე სერტიფიკატის გაცემა კი ფასიანი გახდა და 10 ლარით განისაზღვრა. ცვლილებამ მცირე მეწარმეების უკმაყოფილება გამოიწვია. მეღვინეების ნაწილი გაზრდილ ხარჯებზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ მათთვის ამ პირობებში წარმოების განვითარება გართულდებოდა. 18 სექტემბერს დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა მცირე მეღვინეებისთვის სერტიფიცირებისთვის დაწესებულ საფასურს გააუქმებდა, თუმცა თავად სერტიფიცირება ყველასთვის სავალდებულო რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები