მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავარი გამოწვევა, მაღალმთიან რეგიონებში მცირე და საშუალო სასტუმროების გაციფრულებაა - "იჰოტელსფეისი"

იჰოტელსფეისი

გაყიდვების გაციფრულების პლატფორმის „იჰოტელსფეისი“ თანადამფუძნებლის დაჯი ლიპარტელიანის თქმით, კომპანიისთვის მთავარი გამოწვევა მაღალმთიან რეგიონებში მცირე და საშუალო სასტუმროების გაციფრულებაა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „ქალების ნარატივში" ისაუბრა.

პლატფორმის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თუშეთი, ხევსურეთი და მაღალმთიანი აჭარა, დიდთოვლობის პერიოდში ტურისტებისთვის ხშირად ხელმიუწვდომელია, ამიტომ ამ რეგიონში სასტუმროები ძირითადად ზაფხულში იტვირთება.

„ამ რეგიონებში სასტუმროები ხშირად ვერ ხედავენ გაციფრულების აუცილებლობას. ჩვენ პლატფორმას აქვს შესაძლებლობა, რომ სასტუმროს ვებგვერდი მაგალითად, 3 თვე იყოს აქტიური, შემდეგ კი მფლობელის სურვილის შემთხვევაში გაითიშოს. თუმცა რეკომენდაცია მაინც მუდმივი აქტივობაა, რადგან ეს ცნობადობას ზრდის“, - განმარტავს ლიპარტელიანი.

კომპანიის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ მომხმარებელს სერვისი ღირებულება - თვეში 99 ლარის გადახდა მოუწევს და სხვა გადასახადს არ საჭიროებს: „ჩვენ 24/7-ზე სასტუმროს გვერდით ვართ, ყველა შეფერხებას თავად უზრუნველვყოფთ და ყველა სიახლეს ვაინტეგრირებთ“, - აცხადებს თანადამფუძნებელი.

დაჯი ლიპარტელიანის განმარტებით, „იჰოტელსფეისს“ სურს, დაეხმაროს სასტუმროებს, რათა მათი სერვისები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. „ჩვენ ვმუშაობთ მცირე და საშუალო ბიზნესებზე, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და ყველაზე მეტად სჭირდებათ გაციფრულება. როდესაც ეს კომპანია დავაარსეთ, თავიდან ვებგვერდის გარეშე, ბიზნესები გუგლშიც კი არ იძებნებოდნენ, ან იმდენად უხარისხო ფოტოები ედოთ ვებგვერდზე, რომ ბუნებრივია, ტურისტის ნდობა ნაკლები იქნებოდა“, - განმარტავს ლიპარტელიანი.

მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია არა მხოლოდ ციფრული პროდუქტების შეთავაზებითაა დაკავებული, არამედ ბიზნესებთან ცნობიერების ამაღლებაზეც მუშაობს.

„დაახლოებით 500-ზე მეტი სასტუმრო გავაციფრულეთ, თუმცა მათი აქტიურობა რეგიონსა და სეზონზეა დამოკიდებული. ზოგიერთი სასტუმრო დაიკეტა, ზოგმა კადრები შეამცირა, შესაბამისად ციფრულ განვითარებაზე აქცენტს ნაკლებად აკეთებენ“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები