მომავალ წელს საქართველოს როგორც ტურისტულად საინტერესო ლოკაციის პოპულარიზაცია 18 საერთაშორისო გამოფენაზე მოხდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომავალ წელს ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგულ კამპანიებს როგორც ევროპულ ქვეყნებში გეგმავს, ისე შორეულ ბაზრებზე ჩინეთსა და ინდოეთში. შესაბამისი ინფორმაცია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს გასულ კვირას ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გააცნო.
შეხვედრაზე ტრადიციულად მედია მიწვეული არ იყო. შესაბამისად, ბიზნესთან შეხვედრის შესახებ მოგვიანებით ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციიდან შევიტყვეთ.
შეხვედრაზე იმყოფებოდა კომპანია “რადარის” დამფუძნებელი მაია მახათაძე აცხადებს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვიზიტორების დაინტერესების მიზნით, წელს კონკრეტულ აქტივობებს გეგმავს საქართველოში, თუმცა მისი განმარტებით, უფრო მეტად მნიშვნელოვანი ქვეყნის საგარეო აქტივობებია. მაია მახათაძის თქმით, საქართველო მომავალ წელს მარკეტინგული თვალსაზრისით პოზიციონირებული იქნება ღვინისა და გასტრონომიის, ასევე სამედიცინო და საქორწინო ტურიზმის მიმართულებით.
“დაანონსებული არის მასშტაბური ღონისძიებების კალენდარი, რომელიც გაგვიზიარა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ერთ-ერთი გახლავთ საკმაოდ მსხვილი ღონისძიება M&I, რომელიც ნიშნავს ტურისტული კომპანიების და ბაიერების ევროპიდან ჩამოყვანას. ეს საკმაოდ საინტერესოა კერძო სექტორისთვის. აგრეთვე იგეგმება გაეროს მსოფლიო ტურიზმის დღე, რომელსაც მასპინძლობს საქართველო. არის ფრირაიდის ჩემპიონატი, რომელიც სვანეთში იმართება. ეს რაც ხდება ქვეყნის შიგნით, თუმცა ჩვენი მთავარი ინტერესი არის რომ საქართველო იყოს პოპულარიზებული საგარეო ტურიზმში, ანუ ქვეყნის გარეთ ხდებოდეს საქართველოს პოპულარიზება.
საკომუნიკაციო კუთხით, თუ კი აქამდე გვქონდა ვიდეო რგოლი, სადაც საქართველოს ბუნება და კულტურა იყო პოზიციონირებული, ეხლა გადაფასდა ეს და მივიღეთ პრიორიტეტებში ღვინო და გასტრონომია, ბუნება და თავგადასავალი, კულტურა და ხელოვნება, ასევე სამედიცინო ტურიზმი, ასევე განსაკუთრებით გააქტიურდა საქორწილო ტურიზმი. აი, ამ მიმართულებებზე გააკეთებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქცენტებს 2024 წელს”, - ამბობს კომპანია “რადარის” დამფუძნებელი მაია მახათაძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მომავალი წლის მარკეტინგულ გეგმებთან დაკავშირებით BM.GE-იმ პარლამენტში ტურიზმის შესახებ კანონის განხილვის შემდეგ ჩაწერა. მაია ომიაძე, მომავალი წლისთვის განკუთვნილი მარკეტინგული კამპანიებისთვის გამოყოფილ ჯამურ ბიუჯეტს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ უკვე შერჩეულია საერთაშორისო გამოფენები, სადაც საქართველო იქნება წარმოდგენილი. მისი თქმით, აქცენტი გაკეთდა ევროპულ მიმართულებებზე, მათ შორის ისეთ ბაზრებზე როგორებიცაა გერმანია, პოლონეთი, ბრიტანეთი და საფრანეთი. თუმცა მაია ომიაძის თქმით, წელს აქცენტი გაკეთდება ჩინეთისა ინდოეთის ბაზრებზეც.