ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი ამბობს, რომ განახლებადი ენერგიის პროექტებთან მიმართებით უმთავრესი ფილტრი მათი საჭიროება უნდა იყოს, რაც თავის მხრივ შესაბამის შეფასებას და გათვლებს უნდა ეფუძნებოდეს. მან ამის შესახებ BMG-ის Energy Expo-ზე განუცხადა.
მართალია, მთავრობის გადაწყვეტილებით, 1,7 გიგავატის სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტების განხილვა შეჩერდა, თუმცა არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროში დაახლოებით 17 000 მეგავატის პროექტებია წარდგენილი, სახელმწიფო ელექტროსისტემაში კი, 9 000 მეგავატის დაერთებაზეა შეტანილი განაცხადი. BMG დაინტერესდა, რამდენად რეალურია ამ პროექტების განხორციელება და როგორი უნდა იყოს ფილტრები, რომლებიც რეალისტურ პროექტებს შეარჩევს.
ენერგეტიკოსი ამბობს, რომ ამ მიმართულებით არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია.
"ფილტრები რამდენიმე უნდა იყოს სინამდვილეში. ყველაზე მთავარი ფილტრი უნდა იყოს საჭიროება ჩვენი ქვეყნისთვის. გავითვალისწინოთ, რომ როდესაც განახლებადი ენერგიის პროექტები ხორციელდება, ჩვენ იმ პროექტების განმავითარებლებს ვუთმობთ მიწა-წყალს, რომელიც არის ყველას საკუთრება. ამიტომ უნდა გვიღირდეს ეს ამბავი. ამისთვის უნდა გვქონდეს, ჯერ ერთი, გათვლილი სამომავლოდ ჩვენი მოხმარება რამდენი უნდა იყოს, ეკონომიკა როგორ განვითარდება და უნდა გვქონდეს მდგრადი განვითარების ხედვა, რომელშიც გვექნება პროგნოზირებული საჭირო მოხმარება და იმის შესაბამისად გავიღებთ ამას. სხვა მიდგომა შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენ იმდენად გვიღირდეს ამ მიწა-წყლის გაცემა, რომ დიდი ეკონომიკური შემოსავალი მოგვცეს და ასე შემდეგ. ესეც უნდა იყოს შესაბამისად ეკონომისტების მიერ გათვლილი, შეფასებული. არსებობს ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა და დიდი ხანია, მე ამ კითხვას ვსვამ, რომ რამდენად გიღირს და როგორ უნდა შევაფასოთ, იმიტომ, რომ ამაზე მკაფიო პასუხის გარეშე არის სწორედ პროტესტები, რომელიც მერე რეალურ განვითარებას უშლის ხელს. მეორე არის უკვე ხარისხი თვითონ დეველოპერის, ანუ მისი გამოცდილება. აქ დიდი ველოსიპედების გამოგონება არ არის საჭირო, ცნობილი საერთაშორისო კარგი პრაქტიკა შეგვიძლია ავიღოთ, როგორ იფილტრება ნამდვილი ინვესტორი.
სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს იმისთვის, რომ სწორი, ანალიტიკურად გამართული სისტემა გვქონდეს, რომ გვყავდეს ერთიანი დაგეგმვის ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ცნობილი და შეთანხმებული მეთოდებით და ეს იქნება არა ერთჯერადი, რაღაც მოხსენებითი ბარათის განცხადებისთვის გაკეთებული, ან რაღაც საერთაშორისო ანგარიშგების დოკუმენტისთვის გაკეთებული, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის გაკეთებული და ასეთი უნდა იყოს მუდმივად და მაღალ პროფესიულ დონეზე. აი, აქ ცოტა გვიჭირს",- ამბობს მურმან მარგველაშვილი.
როგორც ის დასძენს, ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამაზე კვალიფიციურად მუშაობა არ მიმდინარეობს.
"სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ჩვენნაირი ქვეყნისთვის განსაკუთრებით, რომელიც 80%-ით არის გარე რესურსებზე დამოკიდებული, არის დიდი ნონსენსი. ამიტომ, აქ არის საჭირო პროფესიული მუშაობა. ამაში, პრინციპში, დიდი წვლილი აქვს არა, ვთქვათ, მინისტრებს და მოადგილეებს, ვერ მოვკითხავთ ამას იმიტომ, რომ უნდა იყოს პროფესიული, ვთქვათ, უნივერსიტეტების, ანალიტიკური ცენტრების და მეცნიერების მუშაობა იმაზე, რომ ამ თემებზე მიმდინარეობდეს მუდმივი დიალოგი და მუშაობა, სემინარები, განხილვები და ასე შემდეგ, და ჩვენ მივიდეთ ერთიან შეთანხმებულ მიზნებამდე. ამის გარეშე ვიქნებით დაბნეულები და ერთი კარგი ნათქვამი აქვს ჟვანიას, რომ როცა ტვინი არ გაქვს, საითაც არ უნდა წახვიდე, ყოველთვის გამოდის, რომ თითქოს წინ მიდიხარო და აი, ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ.
მასტიმულირებელი მექანიზმიც უნდა იყოს შეწონილი იმ საჭიროებასთან, რომელიც უნდა გამოვავლინოთ და დავადგინოთ. 17 000 მეგავატი სრულიად შეუსაბამო რიცხვია, არანაირი საჭიროება მაგისი არ არის. მაშინ, პირველი ლოგიკური ნაბიჯი არის, რომ უნდა შევამციროთ ეს CFD-ის მარჟა და დავუტოვოთ ის, რომ ვთქვათ, 100 მეგავატს მოგვიტანს წელიწადში, ან 200 მეგავატს, რომელიც უფრო აზრიანი რიცხვი იქნება. ახლა, ერთადერთი, რაც ჩანს ამ მომენტიდან, არის, რომ არარეალურად ზედმეტს ვაძლევთ დეველოპერებს, ვაძლევთ სამომავლო შემოსავლებს, მიწას და წყალს და ჩვენ რასაც ვიღებთ, დათვლილი არ გვაქვს",- ამბობს მურმან მარგველაშვილი.




























