მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მთავარი სირთულე ნედლეულის სიმწირე, მაღალი ფასები და პროფესიონალი კადრების მოძიებაა” - Pangolini Kids

Pangolini Kids

პრემიუმ კლასის საბავშვო სამოსის ხაზი Pangolini Kids ბაზარზე 2022 წლის მაისში გამოჩნდა და მომხმარებელს მაღალი ხარისხის 100% ბუნებრივი ქსოვილებისგან შექმნილ ავთენტიკურ მოდელებს სთავაზობს. ბრენდის სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Pangolini Kids-ის თანადამფუძნებელმა BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

Pangolini Kids 50 000 ლარიანი ინვესტიციით შეიქმნა,ბრენდი საჭირო ნედლეულს ადგილობრივი და უცხოური ბაზრიდან იღებს.

"პირველადმა საინვესტიციო თანხამ 50 000₾ შეადგინა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ არ გვაქვს ქარხნული ტიპის საწარმო, თუმცა ვფლობთ ყველა საჭირო მაღალტექნოლოგიურ დანადგარს რაც წარმოების პროცესში გვესაჭიროება. გამომდინარე იქიდან, რომ ბრენდი მასიური წარმოების არ არის და არ საჭიროებს დიდი რაოდენობით ნედლეულის შეძენა/დასაწყობებას, ამ ეტაპზე, ძირითადად, ვითვისებთ ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ქსოვილებს. თუმცა, გვაქვს გამოწერის გამოცდილებაც. ქსოვილების შეძენა ხდება კონკრეტული შემომტანის საშუალებით. მწარმოებელი ქვეყნებია იტალია/საფრანგეთი. ნედლეულს თან ერთვის ყველა საჭირო სერტიფიკატი”, - ამბობენ კომპანიაში.

გამოწვევებზე საუბრისას თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მთავარი პრობლემა არსებულ ბაზარზე ნედლეულის სიმწირეა.

“ჩვენთვის მთავარ სირთულეს ადგილობრივ ბაზარზე ნედლეულის სიმწირე წარმოადგენს, ასევე მაღალი ფასები და პროფესიონალი კადრების მოძიება”, - ამბობს ის.

ამასთან, კომპანიაში სამომავლო გეგმებზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ იგეგმება მცირე სამკერვალო საწარმოს გახსნა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლა.

“გასულ წელთან შედარებით კომპანიის გაყიდვები 30%-ით გაიზარდა. Pangolini Kids არ გახლავთ მასიური წარმოების ბრენდი, ჩვენთან თითოეული მოდელი იკერება ლიმიტირებული რაოდენობით, რაც ჩვენი კონცეფციის ნაწილია. ექსპორტზე აქტიურად გასვლის შემდეგ გეგმაში გვაქვს სამკერვალო სალონიდან გადავეწყოთ მცირე სამკერვალო საწარმოდ, რაც დამხმარე ძალის რაოდენობას მინიმუმ 3 ჯერ გაზრდის. სამომავლო გეგმები ექსპორტზეა ორიენტირებული. ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ საერთაშორისო ბაზარზე არსებული საბავშვო ხაზის პრემიუმ ბრენდების ჩანაცვლება. ამის პოტენციალი დაინტერესებული მყიდველები,საკუთარი ხელწერის, ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით ნამდვილად გვაქვს, ამასთან, ვმუშაობთ ასაკობრივი ზღვრის გაფართოებაზეც", - თქვეს კომპანიაში.

ცნობისთვის: Pangolini Kids ჯამში 5 ადამიანს ასაქმებს, პროდუქციის შეძენა ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ პლატფორმის საშუალებით. Ბრენდი კოპენჰაგენში მულტიბრენდულ საბავშვო ბუტიკთანაც თანამშრომლობს, სადაც პერიოდულად მათ მიერ შერჩეულ კონკრეტული მოდელების სერიებს აგზავნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები