საქართველოს მთავრობა ჩქაროსნული მაგისტრალის ყოფილი კონტრაქტორების - Altcom-ისა და Todini-ს წინააღმდეგ დავას აგრძელებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განაცხადის თანახმად, მთავრობა ამ დავებში იურისტების დაქირავებას 4.1 მილიონ ლარად გეგმავს. ხელშეკრულების ფარგლებში მომსახურების მიღება მომდევნო წლის განმავლობაში უნდა მოხდეს. უცხოელ იურისტებთან, კერძოდ კი კომპანია White and Case-თან ხელშეკრულება წელსაც მოქმედებდა, რაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს 4 მილიონი ლარი დაუჯდა.
Altcom-ი და Todini ჩქაროსნული მაგისტრალის კონტრაქტორები იყვნენ, რომლებმაც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის დაფინანსება მიიღეს, თუმცა შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები არ განახორციელეს.
ორივე კონტრაქტორი EIB-ის 200 მილიონი ევროს კრედიტით დაფინანსებული სამტრედია-გრიგოლეთის 52-კილომეტრიან მონაკვეთზე ასრულებდა სამუშაოებს. სამინისტროს ინფორმაციით, კონტრაქტორებმა სახელმწიფო 100 მილიონ ლარზე მეტად აზარალეს.
დავა კომპანია Todini-სთან:
სამშენებლო კომპანია Todini წლების განმავლობაში იტალიური სამშენებლო კომპანია Salini Impregilo-ს შემადგენლობაში შედიოდა, 2016 წლის 4 აპრილს კი ის იტალიელმა მფლობელებმა €51 ევროდ ყაზახურ კომპანია Prime System Kz Ltd-ის მიჰყიდეს. ამჟამად Todini-ს ყაზახური მენეჯმენტი მართავს.
პროექტის მიხედვით, TODINI-ს სამტრედია-გრიგოლეთის 12–კილომეტრიანი მონაკვეთის 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძისა და 65 სწორკუთხა მილის (მიწისქვეშა გასასვლელები, საქონლის და საველე გასასვლელები) მშენებლობა უნდა განეხორციელებინა.
“დეპარტამენტსა და ტოდინს შორის 2017 წლის 27 ივნისს გაფორმებული №EWHG/CW/ICB-03 ხელშეკრულების (E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის (კმ30+000 - კმ42+000) (ლოტი 3) მშენებლობის შესახებ) ფარგლებში, ტოდინის მიერ წარმოდგენილი იყო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისა და ავანსის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები სს „ასტანის ბანკიდან“.
სს „ასტანას ბანკის“ მიერ გაცემული შესრულების უზრუნველყოფისა და ავანსის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიებიდან გამომდინარე, ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო დავა ყაზახეთის სასამართლოში სს „ასტანას ბანკის“ სალიკვიდაციო კომისიის წინააღმდეგ. დავა ამჟამადაც მიმდინარეა და არსებული ფატქობრივი გარემოებების გათვალისიწნებით გაგრძელდება 2021 წელსაც,”- ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში.
დავა კომპანია Altcom-თან:
“დეპარტამენტსა და „Road Building ALTCOM“ LLC-ს შორის 2013 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული №EWHG/CW/ICB-01 ხელშეკრულების ფარგლებში (სამტრედია - გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის (ლოტი I, კმ0+000-კმ 11+500) მშენებლობა) ალტკომის მიერ წარმოდგენილი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების (ხელშეკრულების უზრუნველყოფის) საბანკო გარანტია და ავანსის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. ორივე საბანკო გარანტია გაცემულია უკრაინული ბანკის - პრომინვესტბანკის მიერ. აღნიშნული გარანტიების ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს რამდენიმე დავა უკრაინის სასამართლოებში.
შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიასთან და ავანსის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიასთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ხსენებული დავები არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ვერ დასრულდება 2020 წელს და გაგრძელდება 2021 წლის განმავლობაში,”- ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში.
2020 წლის 13 მარტს მიღებული დადგენილებით, მთავრობამ ჩქაროსნული მაგისტრალის აღნიშნული მონაკვეთის დასრულება 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა. გადავადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კონტრაქტორების მიერ გაფლანგული მილიონობით ლარი გახდა.