მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 2020 წელს რეკორდული მოცულობის 1.2 მილიარდის შიდა ვალის აღებას გეგმავს

5de1403351262
შოთა ტყეშელაშვილი
29.11.19 19:26
1595
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი წარუდგინა. მესამე წარდგენის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა 221 მილიონი ლარით იზრდება და ის 14.4 მილიარდ ლარს გაუტოლდება. როგორც ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა, ამ ზრდას მთავრობა ძირითადად შიდა ვალის აღებით აფინანსებს. 

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა 2020 წლის განმავლობაში ადგილობრივი საფინანსო ბაზრიდან წინა წარდგენასთან შედარებით 300 მილიონით მეტის სესხებას გეგმავს. მთლიანობაში შიდა ვალის გეგმა 1.2 მილიარდ ლარზე არის დაგეგმილი, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. მთავრობის განმარტებით დამატებითი თანხის მოზიდვას "ბუფერის" როლი ექნება. 

"საშინაო ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 1,200,000,000 ლარის ოდენობით (პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით გაიზარდა 300,000,000 ლარით). დამატებითი რესურსების მოზიდვა უკავშირდება ქვეყანაში ფინანსური რეზერვების (ე.წ. ბუფერების) შექმნას. გასათვალისწინებელია, რომ 2021 წელს იწურება 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების ვადიანობა და საჭირო იქნება მათი რეფინანსირება ან გამოსყიდვა. ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია თავისუფალი მარაგის არსებობა, რაც თავის მხრივ გარკვეულ გავლენას ახდენს გამოსყიდვისა და რეფინანსირების პროცესზე,"- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ განმარტებით ბარათში. 

საქართველოს მთავრობამბიუჯეტის კორექტირებით შიდა ვალის გეგმა 2019 წლისთვისაც გაზარდა, წლის განმავლობაში სულ 900 მილიონი ლარის შიდა ვალის აღება დაიგეგმა. 

რაც შეეხება საგარეო ვალს, მისი მოცულობა 2020 წლისთვის 1,867,300,000 ლარით არის დაგეგმილი, რაც 2019 წელთან შედარებით 500,000,000 ლარით მეტია. 

მომდევნო წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები ასეთია:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 14 432.9 მლნ ლარის ოდენობით (პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით გაიზარდა 221.0 მლნ ლარით), მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 13 203.7 მლნ ლარს, გრანტები - 46.9 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 1 182.3 მლნ ლარს. 
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა შეადგენს 10 846.5 მლნ ლარს, მათ შორის: 
  • შრომის ანაზღაურება - 1 576.0 მლნ ლარი; 
  • საქონელი და მომსახურება - 1 373.7 მლნ ლარი; 
  • პროცენტი - 751.0 მლნ ლარი; 
  • სუბსიდიები - 516.5 მლნ ლარი; 
  • გრანტები - 726.1 მლნ ლარი; 
  • აღნიშნულ თანხაში 543.7 მლნ ლარი გათვალისწინებულია კაპიტალური ხარჯებისთვის, ხოლო 182.4 მლნ ლარი მიმდინარე ხარჯებისთვის. 
  • სოციალური უზრუნველყოფა - 4 294.8 მლნ ლარი; 
  • სხვა ხარჯები - 1 608.5 მლნ ლარი. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები