მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა ანაკლიის ინვესტორთან ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტაზე: გვსურს ვიცოდეთ რისკები

5ca071246f02a
დავით ჯალაღონია
31.03.19 11:48
1177
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო“ იმ ხელშეკრულებაზე აკეთებს განმარტებას, რომელიც მან ანაკლიის პორტის ინვესტორთან ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის შედეგების ანალიზისთვის დაიქირავა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "ანაკლიის ნავსადგურის თემასთან დაკავშირებით მედიაში სულ უფრო მატულობს არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები, რომლის მიზანი მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა".

ამასთან, სამთავრობო სტრუქტურა ადასტურებს, რომ სახელმწიფოს სურს იცოდეს ის რისკები, რაც პორტის მშენებლობის დროულად ვერ დაწყების შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეწყვეტის პროცედურების ამოქმედების შემთხვევაში დადგება.

"გუშინ არაერთი მედია საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია თითქოს არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ სახელმწიფო ანაკლიის პორტის განვითარების მიზნით ალტერნატიულ კომპანიას ეძებს და ემზადება "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შესაწყვეტად.

ხელშეკრულება, რომელზეც მედია საშუალებები მიუთითებდა არ წარმოადგენს საიდუმლო ხელშეკრულებას, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ. ეს ხელშეკრულება განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

ხელშეკრულება გაფორმებულია სსიპ "ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოსა" და ამერიკულ იურიდიულ კომპანია “White & Case”-ს შორის. ხელშეკრულების საგანია სამართლებრივი საკონსულტაციო მომსახურების გაწევა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკების პროცესში, რაც გულისხმობს: საინვესტიციო ხელშეკრულებაში ბანკებისა და ინვესტორის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების სამართლებრივ შეფასებას, ხელშეკრულების ცვლილებების მომზადებას, კონსორციუმთან და ბანკებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას და დახმარებას მოლაპარაკებების წარმართვაში, ასევე, რეკომენდაციების გაწევას მოლაპარაკებების პროცესში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.

ხელშეკრულების ძირითად საგანთან ერთად გათვალისწინებულია დამატებითი კონსულტაციის მიღების შესაძლებლობაც, რომელიც ეხება ხელშეკრულების შეწყვეტის იურიდიული შედეგების განსაზღვრას.

ნებისმიერ საქმიან ურთიერთბაში ოდნავ მაინც ჩახედული ადამიანისათვის ბუნებრივია ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს სურს იცოდეს ის რისკები და შედეგები, რომლებიც შეიძლება დაუდგეს იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო ხელშეკრულების ბოლო ცვლილებით განსაზღვრულ ვადაში (1 ივლისისათვის) კონსორციუმი ვერ შეძლებს საკუთარი კაპიტალის შევსებას, ბანკებისგან დაფინანსების მოპოვებას, პორტის მშენებლობის დაწყებას და რის გამოც დღის წესრიგში შეიძლება დადგეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეწყვეტის პროცედურების ამოქმედების საკითხი. ასეთი ოფციის გათვალისწინება ხელშეკრულებაში ბუნებრივია მითუმეტეს მაშინ, როდესაც კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი არ მალავს, რომ აპირებს სამართლებრივ დავას საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში", – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ანალიზისთვის საერთაშორისო იურისტები დაიქირავა. კერძოდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ საერთაშორისო კომპანია White&Case LLP–სთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც სახელმწიფოს მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო შეთანხმების შეწყვეტის შესაძლო შედეგების ანალიზის მიწოდებას ითვალისწინებს.

სახელმწიფო სააგენტოს მიერ, მომსახურების შესაძენად, გამარტივებული შესყიდვის გზით White&Case LLP–სთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 80 000 აშშ დოლარია.

"დამატებითი მისია მოიცავს კლიენტისთვის სრულყოფილი იურიდიული მემორანდუმის მომზადებასა და გავრცელებას, სადაც იქნება ანალიზი იმ სამართლებრივ შედეგებზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო შეთანხმების შეწყვეტას მოჰყვება. კონსულტანტმა უნდა წარმოადგინოს იურიდიული მემორანდუმის საწყისი პროექტი კლიენტისგან მოთხოვნის მიღებიდან 20 სამუშაო დღეში", – ნათქვამია მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

კონტრაქტში, რომლებიც სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებებზე მუშაობასაც ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები