მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა არამოგებიანი საწარმოების შემცირებას გაკოტრების, ლიკვიდაციის, ან რეორგანიზაციის გზით გეგმავს

სახელმწიფო საწარმოები

საქართველოს მთავრობამ 2025-2028 წლების ძირითადი მიმართულებების დოკუმენტი გამოაქვეყნა.

დოკუმენტში მიზნები ზოგად თეზისებადაა მოყვანილი, ყველა სამინისტროს შემთხვევაში კონკრეტული გაწერილი გეგმის გარეშე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის ქვეთავში წერია, რომ არამოგებიანი საწარმოების რაოდენობის შემცირება ლიკვიდაციით, გაკოტრებით ან რეორგანიზაციით. თუმცა, დოკუმენტში მოყვანილი არ არის რამდენი ასეთი საწარმოა, რამდენის რეორგანიზაციას და რამდენის ლიკვიდაციას გეგმავს მთავრობა.

უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის სამსახურმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მოხსენება გასულ კვირას გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქვეყნის წინაშე არსებული ფისკალური რისკების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ რჩება სახელმწიფო საწარმოები, რაც ძირითადად დაკავშირებულია მათ უარყოფით ფინანსურ შედეგებთან. მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ საწარმოთა ნაწილი დამოკიდებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებაზე, რაც გარკვეულ შემთხვევებში ფუნქციონირების ხარჯების ან/და ვალდებულებების დაფარვას ხმარდება. ამასთანავე, საბიუჯეტო დოკუმენტაციაში არ ხდება ინფორმაციის წარმოდგენა საწარმოების მიერ ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების მოცულობის შესახებ.

2023 წელს ხუთი სამინისტროს კონტროლს ქვეშ მყოფმა საწარმოებმა სახელმწიფო ბიუჯეტის „ხარჯების“ მუხლიდან ჯამურად 522 მლნ ლარი მიიღეს. აღნიშნული თანხიდან 406.9 მლნ ლარი კაპიტალური პროექტების დაფინანსებას მოხმარდა. თანხის დარჩენილი ნაწილი (64.3 მლნ ლარი) კი ცალკეული აქტივობების სუბსიდირებაზე, კომპანიების ფუნქციონირების ხარჯების ან/და მათ ბალანსზე რიცხული ვალდებულებების დაფარვაზე მიიმართა.

ასევე, მთავრობის გეგმაა:

  • გამოუყენებელი აქტივების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვისა და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • სახელმწიფო ქონების განკარგვის პროცესის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
  • მოძრავი ქონების განკარგვის გამჭვირვალე, კონკურენტული და გამარტივებული პროცედურების უზრუნველყოფა;
  • მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად ვებგვერდის − eAuction.ge-ს მომხმარებელთათვის სერვისების მიწოდებისა და ქონების განკარგვის პროცედურების გამარტივება, ვებგვერდის მოდერნიზაციისთვის სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება და ახალი სერვისების დამატება;
  • არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები